მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოგების მიღების ერთადერთი გზა ექსპორტია” - Candle Studio ექსპორტისთვის ემზადება

634ea05c0218f
თინათინ ნატმელაძე
25.10.22 09:30
698
სოიოს ცვილით დამზადებული ხელნაკეთი სანთლების სტარტაპი, Candle Studio თურქეთისა და ესპანეთის ბაზარზე გასვლას გეგმავს, - ამის შესახებ სტარტაპ კომპანიის დამფუძნებელმა, ნატა ოგულაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.

ოგულაშვილის თქმით, თავდაპირველად ხელნაკეთ სანთლებს მეგობრებისა და ნათესავებისთვის საჩუქრად ქმნიდა, თუმცა, დიდმა გამოხმაურებამ გადააწყვეტინა, რომ ეს ყველაფერი ბიზნესად ექცია.

"თავდაპირველად სანთლებს ჩემთვის ვაკეთებდი და უბრალოდ, მეგობრებს და ნათესავებს ვჩუქნიდი, მაგრამ იმდენად კარგი გამოხმაურება ჰქონდა ამ ყველაფერს, რომ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, რომ ბიზნესის სახე მიგვეცა და უფრო დიდი რაოდენობით გვეწარმოებინა. ამჟამად მუდმივი მაღაზია არ გვაქვს, ჩვენს პროდუქციას ონლაინ ვყიდით და ასევე, ქუჩის ბაზრობებზე", - აცხადებს ნატა ოგულაშვილი BM.GE-სთან.

Candle Studio-ს დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ პროდუქციის წარმოების პროცესში ბევრი დაბრკოლებაა და მოგების მიღების ერთადერთი გზა ექსპორტზე გასვლაა.

"დაინტერესება ძალიან სეზონურია, ძირითადად დღესასწაულების პერიოდში, ზაფხულში ძალიან ნაკლებია, მოგების 40% წინასაახალწლო თვენახევარზე მოდის.

ასევე, მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს პროდუქციის ფასი, რადგან ჩვენი სანთლები საკმაოდ ძვირიანი პროდუქციით მზადდება, ამიტომ, იძულებული ვართ მაღალი ფასი დავადოთ, რაც ქართველებისთვის მიუღებელია, ვერ იგებენ რატომ შეიძლება მცენარეული ცვილით დამზადებული სანთელი უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე პარაფინით, შესაბამისად, ქუჩის ბაზრობებსა და მარკეტებზეც ძირითადი მომხმარებელი უცხოელები არიან, სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ერთადერთი გზა საზღვარგარეთის ბაზარზე გასვლაა.

ამჟამად მოლაპარაკებას ვაწარმოებთ თურქეთთან, სადაც ჩვენი დაბრენდილი პროდუქცია მაღაზიაში უნდა განთავსდეს და ასევე ესპანეთთანაც, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ვაწარმოებთ და მივყიდით კომპანიას, რომელიც დაბრენდავს", - განაცხადა ნატა ოგულაშვილმა.

ცნობისთვის, სტარტაპის შექმნის პროცესში დამფუძნებლებმა $5000-ის პირადი ინვესტიცია ჩადეს. მათი პროდუქციის ფასი კი 25-65 ლარს შორის მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები