მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მოგვეცით 2-თვიანი ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებს ჩავატარებთ" - ზელენსკი "მიუნხენის კონფერენციაზე"

ზელენსკი

გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე დღეს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა.

ზელენსკიმ შეხვედრაზე უკრაინის დახმარებასა და შემდეგ ნაბიჯებზე, აშშ-სთან სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და უკრაინის არჩევნებზე ისაუბრა.

მან ევროკავშირს მადლობა გადაუხადა 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხისთვის, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის სამხედრო და ფინანსურ საჭიროებებს მოხმარდება.

ზელენსკიმ დახმარებას "უკრაინის ფინანსური სტაბილურობის სერიოზული გარანტია" უწოდა, თუმცა მოითხოვა დამატებითი ზომების მიღება, რათა კრემლს შემოსავლები შეუწყდეს.

"თვალს ნუ დავხუჭავთ პრობლემაზე. რუსეთს კვლავ ჰყავს თანამზრახველი რეჟიმები", - დასძინა მან და ჩრდილოეთ კორეა, ასევე ის კომპანიები დაასახელა, რომლებიც მოსკოვს სანქციების გვერდის ავლით ეხმარებიან.

"პუტინს ფინანსური სტაბილურობის გარანტიები ჯერ კიდევ აქვს", - აღნიშნა პრეზიდენტმა და ნავთობმზიდების "ჩრდილოვან ფლოტზე" მიუთითა, რომელსაც მოსკოვი დასავლური სანქციების მიუხედავად ნავთობის გასაყიდად იყენებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ეს საკითხი ევროპელ კოლეგებთან, მათ შორის მაკრონსა და ფონ დერ ლაიენთან განიხილა, რათა განახლდეს ევროპული კანონმდებლობა და შესაძლებელი გახდეს ამ ტანკერების არა მხოლოდ დაკავება, არამედ ბლოკირება და კონფისკაცია.

"ნავთობიდან მიღებული ფულის გარეშე, პუტინს ამ ომისთვის თანხები არ ექნებოდა", - განაცხადა მან.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის არყოფნა "დიდი შეცდომაა".

"ჩვენ, უკრაინელები, ვცდილობთ ევროპა სრულად ჩავრთოთ პროცესში, რათა ევროპის ინტერესები და ხმა გათვალისწინებული იყოს და იმიტომ, რომ მშვიდობა მხოლოდ უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებზე შეიძლება აიგოს, რომელთა ტვირთის ზიდვაც, სავარაუდოდ, სწორედ ევროპას მოუწევს", - განაცხადა ზელენსკიმ.

მომავალ კვირას უკრაინა აშშ-სა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა "სერიოზული" და "სასარგებლო" იქნება, თუმცა აღნიშნა, რომ ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს მხარეები "სრულიად სხვადასხვა რამეზე საუბრობენ".

"ამერიკელები ხშირად უბრუნდებიან დათმობების თემას და ძალიან ხშირად ეს დათმობები მხოლოდ უკრაინის კონტექსტში განიხილება.

უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს. ჩვენ ამ პროცესში ინვესტიცია ჩავდეთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა "მზადაა" არჩევნების ორგანიზებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება ცეცხლის შეწყვეტის ორთვიანი რეჟიმი.

"მოგვეცით ცეცხლის შეწყვეტა, პრეზიდენტ ტრამპს ეს შეუძლია ჩვენს პარლამენტს შეუძლია კანონის შეცვლა და ჩვენ წავალთ არჩევნებზე", - განაცხადა ზელენსკიმ. "

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები