მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოგვმართავენ, რომ უცხო ნომრებიდან ურეკავენ, საკითხს შევისწავლით"- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

უცნობი ზარი

საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეების მიმართ უცხო ნომრებიდან მასობრივად განხორციელებულ ზარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამსახური აცხადებს, რომ მოქალაქეები ზარების შესახებ მათ ატყობინებენ, ხოლო იმ ზარებში, რომლებიც დანაშაულების ნიშნებსაც შეიცავენ, მათ საგამოძიებო სამსახურში გადამისამართებას ახდენენ.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური არ უთითებს, რომ აღნიშნულ ზარებს მოქალაქეები იღებენ რუსულ კანონთან დაკავშირებით და რომ ეს, შესაძლოა, პოლიტიკური დაშინების ინსტრუმენტს წარმოადგენდეს.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მომართა არაერთმა პირმა, მათ სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით. მსგავსი შინაარსის მომართვების სამსახურისთვის წარმოდგენა მოცემული დროისთვისაც გრძელდება.

ზემოაღნიშნულ მომართვათა ნაწილში მოქალაქეები უთითებენ, რომ სატელეფონო საუბრების ფარგლებში, ზარების ინიციატორების მხრიდან მათ მიმართ განხორციელდა მუქარა. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მომართვების ხსენებული ნაწილი სამსახურის მიერ, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოში.რაც შეეხება წარმოდგენილი მომართვების იმ ნაწილს, რომლებში მითითებულ საკითხთა შესწავლაც სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახორციელებს მათში მითითებული ფაქტების კანონიერების შეფასებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს.

აღნიშნულის ფარგლებში, ხორციელდება მომართვების ავტორებთან დაკავშირება და შემდგომი მოკვლევისთვის საჭირო დამატებითი დეტალების დაზუსტება, სატელეფონო ზარების ინიციატორი პირების იდენტიფიცირების მიზნით, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებისგან ინფორმაციის გამოთხოვა კონკრეტული სატელეფონო ნომრების კუთვნილების და მათი მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ, ასევე, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ჯეროვნად შესწავლისთვის აუცილებელი სხვა ქმედებები.

ზემოაღნიშნული ღონისძიებების შედეგად მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების გამოვლენის შემთხვევაში, მათ დაევალებათ, სამსახურს წარმოუდგინონ განმარტებები სატელეფონო ნომრების მოპოვების და გამოყენების გზების, სამართლებრივი საფუძვლის და მიზნის შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგინდება, რომ პერსონალური მონაცემები დამუშავდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით, სამსახური მიმართავს ამავე კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, მათ შორის, დააკისრებს დამრღვევ პირებს კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სახდელს", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები