„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში კერძო სექტორისთვის მთავარი გამოწვევა პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებული რეგულაციებია.
როგორც ბიზნესის ნაწილი აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მომხმარებლის მხრიდან სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნაზე თანხმობის მოპოვებაა, რის გამოც კომპანიების ნაწილმა მსგავსი ტიპის შეტყობინებების გაგზავნა დროებით შეაჩერა.
ერთ-ერთი კომპანიის იურისტი, მარიამ რამიშვილი BMG-სთან აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები მათი მონაცემების დამუშავებაზე და სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე უარს ამბობენ, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„ახალი კანონიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავება ბიზნესისთვის ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა, რადგან ამ კუთხით არაერთი დაბრკოლებაა. მომხმარებლისგან თანხმობის მოპოვება გაჭირდა. სარეკლამო sms-ები სხვადასხვა აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი საშუალება იყო და დღეის მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ ამან გავლენა გაყიდვებზეც იქონია. როდესაც მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ხდება, რომ მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავდეს, მათი მხრიდან უკმაყოფილებაა და ხშირია, რომ პირდაპირ უარზე არიან. ამ ეტაპზე შეჩერებული გვაქვს სარეკლამო შეტყობინებები გაგზავნა. გარკვეული პროექტებია ახლა ჩაშვებული და ვფიქრობთ, წლის ბოლოს უკვე გამართული ბაზა გვექნება მომხმარებლების ინფორმაციის დამუშავების კუთხით“, - განაცხადა მარიამ რამიშვილმა.
ის რომ პირდაპირ მარკეტინგთან დაკავშირებული რეგულაციები ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ადასტურებენ იურიდიულ კომპანიაში „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებიც“.
„კანონმა ახალი მოწესრიგება შემოგვთავაზა და გვითხრა, რომ აუცილებელია თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებისთვის. კანონი ზოგად ჩარჩოს აწესებს, რა შემთხვევაშია ინფორმირებული თანხმობა გაცემული. უფრო პრობლემატურია მოვერგოთ იმ სიტუაციას, თუ როგორ მოვიპოვოთ მომხმარებლის თანხმობა, იმიტომ რომ კომპანიებს არ შეუძლიათ თავისი შეთავაზებები პირდაპირ გააგზავნონ და შემდეგ მოითხოვონ თანხმობის გაცემა. შესაბამისად, მენეჯმენტის სისტემა დასანერგია ბევრ ორგანიზაციაში, განსაკუთრებით ეს შეეხება ბანკებს, რითეილ სექტორის წარმომადგენელებს და მათი მხრიდან აქტიური ჩართულობა ერთგვაროვანი პრაქტიკის დასანერგად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კომპანიის კონკურენციის, კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების მიმართულების დირექტორმა, თამთა მარგველაშვილმა.
1 მარტიდან დღემდე პირდაპირი მარკეტინგის წესების დარღვევისთვის და სარეკლამო SMS-ების უნებართვოდ გაგზავნისთვის 60-მდე კომპანია დაჯარიმდა. როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში აცხადებენ, ძირითადი დარღვევები სწორედ ისეთ ფაქტებზე მოდის, როდესაც კომპანიები წინასწარი თანხმობის გარეშე მომხმარებლებს სარეკლამო მესიჯებს უგზავნიდნენ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება მხოლოდ ინფორმირებული, კონკრეტული, თავისუფალი, მკაფიო, აქტიური ქმედებით გამოხატული თანხმობის საფუძველზეა დასაშვები.