მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარეკლამო SMS-ებზე თანხმობის მისაღები ფორმა მხოლოდ 30 წუთში - რას სთავაზობს Retain-ი კომპანიებს?

retain
25.03.24 14:49
396

2023 წლის მაისში ბაზარზე ახალი ტექნოლოგიური სტარტაპი Retain-ი გამოჩნდა, რომლის მეშვეობითაც დღეს 150-მდე კომპანია, საქართველოს მასშტაბით 2 000-ზე მეტი ფილიალიდან QR კოდებითა და URL ბმულებით მომხმარებლის უკუკავშირს აგროვებს. მომხმარებელთა კომენტარი კი საჯარო არ არის და ის მხოლოდ კომპანიის სათავო ოფისისთვისაა ხელმისაწვდომი. 2024 წლის თებერვლიდან კომპანიამ შეფასების არსებულ ფორმებს სპეციალური პროდუქტი დაამატა, რომელიც კომპანიებს SMS მარკეტინგისთვის მომხმარებლის თანხმობის მოპოვებაში ეხმარება.

როგორც Retain-ის დამფუძნებელი, ლევან ჯაბუა, BMG-სთან განმარტავს, შეფასების ახალი ფორმით სტარტაპმა იმ კომპანიების პრობლემა გადაჭრა, რომლებსაც მომხმარებელთან სარეკლამო შეთავაზებების SMS-ის სახით გაგზავნა აღარ შეუძლიათ.

“გვქონდა მოლოდინი, რომ ეს გამოწვევა იქნებოდა კომპანიებისთვის, ჩვენი პარტნიორები უკვე იყენებენ ჩვენს შეფასების ათ სხვადასხვა ფორმას უკუკავშირის მისაღებად, ამ პრობლემის გადასაჭრელად კი ახალი, სპეციალური ფორმა დავამატეთ, რომლის საშუალებითაც, მომხმარებლები სარეკლამო SMS-ებზე თანხმობას აცხადებენ. აღნიშნულ სერვისს პარტნიორი კომპანიები უკვე აქტიურად იყენებენ თებერვლიდან, როდესაც SMS-ების გაგზავნა ჯერ კიდევ დაშვებული იყო. პირველი მარტის შემდეგ კი სხვადასხვა კომპანიის 200-მდე ფილიალში უკვე დგას ჩვენი QR კოდები თანხმობის მისაღებად”, - განმარტავს ლევან ჯაბუა.

პირველი მარტიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა, რომლითაც კომპანიები სარეკლამო SMS-ებს მომხმარებელთა თანხმობის გარეშე ვეღარ გზავნიან. სწორედ ამიტომ, Retain კომპანიებს თანხმობის მისაღებად სამ სხვადასხვა გზას სთავაზობს.

1. QR კოდებით - ფიზიკური QR კოდები განთავსებულია კომპანიის ფილიალებში, მომხმარებელი კოდს საკუთარი მობილურით ასკანერებს, ნომერი ნამდვილობის დასადასტურებლად გადის ვერიფიკაციას, შემდეგ ეცნობა ტექსტს, ნიშნავს “თანხმობას” და გზავნის;
2. URL ბმულით - კომპანიას საშუალება აქვს, Retain-ის მიერ გენერირებული ლინკი, რომელზეც თანხმობის ფორმაა დატანილი, საკუთარ ვებგვერდზე, ბანერის სახით დაიტანოს. მომხმარებელი გადავა ბმულზე და მონიშნავს “თანხმობას”;
3. სოციალური ქსელით - კომპანიას შეუძლია, Retain-ის მიერ გენერირებული ლინკი სოციალური ქსელების პოსტზე განათავსოს, ან პირადი კომუნიკაციისას გაუზიაროს მომხმარებლებს, საიდანაც დაინტერესებული ადამიანი შესაბამის ფორმაზე გადავა და თანხმობას დაადასტურებს.

“განსხვავებით ადრინდელი შემთხვევებისა, როდესაც კომპანიები ასი ათასობით შეტყობინებას გზავნიდნენ არასამიზნე აუდიტორიასთან, ზუსტი სეგმენტაციის გარეშე, ახლა მათ უკვე დაინტერესებული ადამიანების ნომრები აქვთ. ამას სამი პლუსი აქვს: ერთი მხრივ, გამოხმაურება იზრდება, მაგალითად, თუ აქამდე ასი ათასი შეტყობინებით 500-მდე მომხმარებლის მოზიდვა იყო შესაძლებელი, ახლა შესაძლებელია, მხოლოდ ათი ათასი SMS გააგზავნო და ათი ათასივე მომხმარებელი მიიზიდო; მეორე მხრივ კი, მნიშვნელოვნად მცირდება SMS გაგზავნის ხარჯიც, რადგან მცირე, მაგრამ სამიზნე აუდიტორიასთან იგზავნება; გარდა ამისა, რადგან თანხმობა გათვითცნობიერებულად არის მიღებული, SMS-ის გაგზავნა არ იწვევს მომხმარებლების გაღიზიანებას”, - განმარტავს ლევან ჯაბუა.

Retain-ის ახალი სერვისი კომპანიებს ზუსტ ანალიტიკას სთავაზობს, თუ რომელი ფილიალიდან რამდენი თანხმობა შევიდა რეკლამებისთვის. მხოლოდ 30 წუთია საჭირო იმისთვის, რომ გამზადებული თანხმობის ფორმა ნებისმიერი ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი გახდეს

“ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, დაგვიკავშირდეს ვებგვერდზე მითითებულ ნომერზე, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში და ზუსტად ნახევარ საათში მიიღოს მზა ლინკი, რომლის გამოყენებაც სოციალურ ქსელებსა და საიტებზე შეეძლებათ.

ხოლო თუ ფიზიკური QR კოდის განთავსება გნებავთ, ჩვენ ვამზადებთ QR დიზაინს, კომპანიის ბრენდინგის გათვალისწინებით და თავად ვბეჭდავთ მას. კომპანია დაბეჭდილ, დახარისხებულ QR კოდებს ოფისში მიიღებს, მხოლოდ მათი ფილიალებში განაწილება იქნება საჭირო - ამ შემთხვევაში მიწოდების დრო, მაქსიმუმ, 2 დღეა”, - განმარტავს Retain-ის დამფუძნებელი. ლევან ჯაბუა ასევე აღნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში, კომპანიებს შეუძლიათ კომბინირებული ვერსია განათავსონ - თან მიიღონ SMS-ის გაგზავნის თანხმობა და - თან უკუკავშირი.

Retain-ის სერვისების ღირებულება ხელმისაწვდომია: კომპანიის ზომისა და ფილიალების რაოდენობის მიხედვით იცვლება და 100-დან 300 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები