„მოგზაურობაზე მოთხოვნა გაიზარდა... გაძვირებულ ფასებსაც იდეალურად იხდის ქართველი მომხმარებელი“ - ამის შესახებ bm.ge-სთან „თრეველ ჯორჯია ვანის“ ბიზნესდეველოპერი საუბრობს.
ვახტანგ ქართველიშვილის თქმით, წლევანდელ სადღესასწაულო სეზონზე ქართველი მომხმარებლის მხრიდან, ყველაზე მაღალი მოთხოვნა - დუბაში, საფრანგეთში, იტალიასა და ტროპიკულ ქვეყნებში მოგზაურობაზე დაფიქსირდა.
კომპანიის წარმომადგენელი ფასთა მატებაზე საუბრობს და როგორც განმარტავს, წინა წელთან შედარებით, ტურპაკეტებზე დაახლოებით 20%-ით ფასნამატი დაფიქსირდა.
„ყველაზე მაღალი მოთხოვნა წელს დუბაიზე, საფრანგეთზე, იტალიაზე, კანარის კუნძულებზე, დომენიკანასა და მექსიკის მიმართულებებზე დაფიქსირდა. გასულ წელთან შედარებით მოგზაურობაზე დაახლოებით 25%-ით მეტი იყო. რაც შეეხება ფასებს, დაახლოებით 20%-ით ფასნამატი დაფიქსირდა, გასული წლის ზამთრის სეზონთან შედარებით.
ჩვენი კომპანიის მომხმარებლის ძირითადი ნაწილი მაღალი ბიუჯეტის მქონე დამსვენებელია. ბოლო ორი წლის ტენდენციით ქართველი მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა გაზრდილია. გაძვირებულ ფასებსაც იდეალურად იხდის ქართველი მომხმარებელი“ - ამბობს ვახტანგ ქართველიშვილი.
„თრეველ ჯორჯია ვანის“ ბიზნესდეველოპერი ზაფხულის სეზონის ტენდენციებზე საუბრობს. მისი თქმით, წინასწარი ჯავშნები უკვე ფიქსირდება.
„წინასწარი ჯავშნები უკვე გვაქვს. განსაკუთრებით თურქეთის მიმართულებით. რაც შეეხება ფასებს, მომხმარებელი თუ წინასწარ დაჯავშნის მოგზაურობა არ გაუძვირდებათ, რადგან წინა წლის ფასები შევინარჩუნეთ, თუმცა თუ წინასწარი ჯავშანი არ ექნება, ფასი მოიმატებს. უკვე ვხედავთ ტენდენციას, რომ ივნისიდან ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზრდება - საუბარია უშუალოდ თურქეთის მიმართულებაზე“ - განმარტავს ის.