11 აპრილს გამართულ "უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის" შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ NATO-ს მოკავშირეები კიევისთვის $23.8 მილიარდის გრძელვადიან სამხედრო დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Kyiv Independent დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ჯონ ჰეილიზე დაყრდნობით წერს.
"ეს უკრაინისთვის რეკორდული სამხედრო დახმარებაა. 2025 წელი ამ ომისთვის კრიტიკული იქნება... ახლაა კრიტიკული მომენტი თავდაცვის ინდუსტრიებისთვის, სამხედროებისა და მთავრობებისთვის, რომ იმოქმედონ" - განაცხადა ჯონ ჰეილიმ შეხვედრის შემდეგ.
რამშტაინის ფორმატის შეხვედრა ბრიუსელში უკრაინის მოკავშირეებს შორის გაიმართა და მას ამ სახელმწიფოთა თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ გამოყოფილი ფინანსური დახმარება არა მხოლოდ უკრაინის სამხედრო ძალით მომარაგებას ისახავს მიზნად, არამედ მკაფიო მესიჯია, რომ მოკავშირეები მშვიდობისთვის ბრძოლაში უკრაინის გვერდით დგანან.
შეხვედრას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებული ბუნდოვანება და რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთახმების ჩაგდება.
"უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი" 2022 წელს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა შექმნა. ამ პერიოდში 50-მდე მოკავშირე ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად $126 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოჰყვეს.