გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში მოკლე ხანში ჩამოვა - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე კარტოზიამ "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი შეფასებით, მხარეებს შორის გამართული საუბარი პოზიტიური იყო და ორივე მხარის ნება იკვეთება, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობები აღდგეს.
"მზადყოფნა და სურვილი, რომ გაუმჯობესდეს გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები, ნამდვილად არსებობს. ეს თვითონ პრეზიდენტის მხრიდან იგრძნობა, ის ნამდვილად კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ და ეს არაერთხელ დაუდასტურებია ადრეც. ის ფაქტი, რომ მოკლე ხანში ჩამოვა გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში და ის, რომ გერმანიაში საქართველოსაც ახლა უკვე ჰყავს სრულუფლებიანი ელჩი და ასევე ის, რომ ორივე მხარე დღევანდელი შთაბეჭდილებით მოწადინებულია, რომ ჩვენი ურთიერთობა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რომელიც ისტორიულად არის ჩამოყალიბებული ჩვენ ქვეყნებს შორის, ეს ყველაფერი ნამდვილად ძალიან დამაიმედებელია", - განაცხადა კარტოზიამ.
დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები დღეს, 23 ივლისს, გადასცა.
ამ ეტაპზე გერმანია-საქართველოს ურთიერთობები მკვეთრად გაუარესებულია, გერმანიის მთავრობის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილი ელჩი პეტერ ფიშერი დაბარებულიც ჰყავდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ელჩის დაბარება, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო გერმანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო. თავის მხრივ საქართველოს მთავრობა ურთიერთობების გაუარესებაში გერმანიის უკვე ყოფილ ელჩს სდებდა ბრალს.




























