აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორის ზურაბ ლალაზაშვილის აზრით, მოკლევადიანი ეფექტებით გამოწვეული ეკონომიკური ზრდა ქვეყანას ვერ გააძლიერებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, როცა ეკონომიკა იზრდება, ყველასთვის კარგია, მაგრამ ვისურვებდი, საქართველოში მეტი დასავლური ტიპის ინვესტიცია შემოვიდეს, რაც ნამდვილად გვაკლია. მოკლევადიანი ეფექტებით გამოწვეული ზრდა, თავისთავად კარგია, მაგრამ ეს არ არის ის ზრდა, რომელიც ქვეყანას ინსტიტუციურად გააძლიერებს, ავაშენებთ ფუნდამენტს, რომელსაც დავეყრდნობით და გავაგრძელებთ ზრდას. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ინსტიტუციები არის ძლიერი, რომლის იმედზეა უცხოელი თუ ადგილობრივი ინვესტორი. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. მაგალითად, განათლების სისტემა რომ ავიღოთ, აქ რომ რადიკალურად იცვლებოდეს რამე, ჯერ არ ჩანს“, - თქვა ზურაბ ლალაზაშვილმა.
რაც შეეხება ბიზნესში არსებულ განწყობებსა და მოლოდინებს, BDO-ს მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის რისკებს ზოგი მეტად ხედავს, ზოგი - ნაკლებად.
„არიან ბიზნესმენები, რომლებიც ძალიან ბედნიერები არიან იმით, რომ რუსეთთან ვაჭრობა გაეზარდათ და არ ფიქრობენ, გრძელვადიანად მოახდენს თუ არა ეს გავლენას მათ ბიზნესზე. არის თუ არა ეს ზრდა მდგრადი ზრდა და ა.შ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კერძო საუბრებში, ბევრი ბიზნესმენი, მათ შორის ჩვენი პარტნიორები ისე ფიქრობენ, როგორც მე, მაგრამ საჯაროდ ამ ყველაფრის თქმისგან, როგორც წესი, ბიზნესი თავს იკავებს; კარგია თუ ცუდი ასეთი მიდგომა, მსჯელობის თემაა. ისინი იქცევიან ისე, როგორც იქცევიან. ამდენად, ყველა ბიზნესზე ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერია ან ცუდად არის“, - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.