აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორის ზურაბ ლალაზაშვილის აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ გამოცემული ბრძანება, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისათვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს, პრაქტიკაში ვერ იმუშავებს. BDO-ს მმართველი პარტნიორის თქმით, წარმოუდგენელია, ქართულმა საფინანსო სექტორმა სანქციები დაარღვიოს.„ნებისმიერ ბანკს ერჩივნება, სებ-მა დააჯარიმოს, ვიდრე სანქცირებულ პირს მისცეს ტრანზაქციის განხორციელების უფლება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამდენად, ალბათ სებ-ის პრეზიდენტს ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს“, - თქვა მან “წერტილთან“ ინტერვიუში. ამასთან, ზურაბ ლალაზაშვილის შეფასებით, ძალიან ზედაპირულია არგუმენტი, თითქოს ნათია თურნავამ გამონაკლისი ბრძანების გამოცემით სანქციების აღსრულება საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანა.
- ნათელია, ნათია თურნავას საგამონაკლისო ბრძანებას მოჰყვა სამი ვიცე-პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვება და საკმაოდ სერიოზული რეპუტაციული დარტყმა ეროვნულ ბანკზე. რა კითხვები გაგიჩნდათ თქვენ ამ ბრძანების გაცნობის შემდეგ?
- პირველ რიგში, გეტყვით როგორ მესმის საერთაშორისო სანქციების მოქმედება. მექანიზმი, დაახლოებით, ასეთი პრინციპით მუშაობს - აშშ უკრძალავს ამერიკის რეზიდენტებს და იურიდიულ პირებს, რომლებიც აშშ-ის იურისდიქციაში ექცევა, განახორციელონ ტრანზაქციები სანქცირებულ პირებთან. ბუნებრივია, აშშ ქართულ ბანკებს ვერაფერს დაავალდებულებს, რადგან ქართულ საფინანსო სექტორზე ქართული იურისდიქცია ვრცელდება, მაგრამ ვინაიდან ამერიკული სანქციები ამერიკის იურისდიქციაში მოქმედ იურიდიულ პირებზე ვრცელდება და ქართულ საფინანსო სისტემა დაკავშირებულია სხვადასხვა ამერიკულ საფინანსო ინსტიტუტთან, “საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს ბრძანება (№208/04) რომც არ არსებობდეს, რადგან ასეთი ბმაა ამერიკულ საფინანსო სისტემასთან, ქართული ბანკები ისედაც თავს შეიკავებდნენ სანქცირებულ პირებთან თანამშრომლობისგან. გახსოვთ ალბათ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როდესაც რუსი და ბელარუსი მიგრანტების ნაკადი შემოვიდა ქვეყანაში, ბევრს არ უხსნიდნენ ქართული ბანკები ანგარიშს, რადგან საეჭვო პირისთვის ანგარიშის გახსნის გამო, შესაძლოა, ქართული ბანკი თავად დაექვემდებაროს სანქცირებას.
2023 წლის 4 აგვისტოს ბრძანებით, ეროვნულმა ბანკმა, როგორც ქართული საფინანსო სექტორის მარეგულირებელმა გააჩინა დამატებით მოთხოვნა ბანკებისთვის. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ არ დაიცავენ საერთაშორისო სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სებ-ს შეუძლია, დააჯარიმოს ისინი.
სწორედ ამ ბრძანებაში შეიტანა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა 19 აგვისტოს ცვლილება, რომლის თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან და კომპანიებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას ქართული სასამართლო მიიღებს.
ვფიქრობ, ეს ბრძანება იარსებებს თუ არ იარსებებს, ამის მიუხედავად, სანქციები მაინც აღსრულდება. მე ვერ წარმომიდგენია, ვერცერთი ბანკი საქართველოში, რომელიც სანქციებს არ აღასრულებს იმის გამო, რომ საქართველოში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ასეთი საგამონაკლისო ბრძანება არსებობს. ამდენად, თუ ეს ბრძანება არ იყო იმის გარანტი, რომ ვინმე დასანქცირებულ პირს შეუზღუდავენ თუ არა ფინანსურ ოპერაციებს, გაურკვეველია, რას ემსახურება ეს ბრძანება.
- მაშინ ვისთვის და რისთვის გამოსცა ნათია თურნავამ საგამონაკლისო ბრძანება, რომელმაც სებ-ის რეპუტაცია დააზიანა?
- საგამონაკლისო ბრძანებაზე განხილვა რომ ყოფილიყო და არ დაკავშირებოდა კონკრეტულ სანქცირებულ პირს, შეიძლებოდა, ბევრი გვემსჯელა და ვიღაცას ასე შეეფასებინა, ვიღაცას - ისე, მაგრამ აღქმა იყო ის, რომ ორმაგი მოქალაქე <ოთარ ფარცხალაძე> დასანქცირდა, რის შემდეგაც გამოიცა აღნიშნული ბრძანება, თუმცა მას, სავარაუდოდ, მალე მალე შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. ამდენად, საერთოდ რა იყო ამ ბრძანების მიზანი და რას ემსახურებოდა, გაუგებარია.
- ბრძანების მიზანი ხომ არ იყო 14 სექტემბერს სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საშუალების მიცემა, რომ ბანკებში არსებული ანგარიშებიდან თანხა გამოეტანა, ვინაიდან ნათია თურნავას 19 სექტემბრის ბრძანებამდე, ქართული ბანკები მას ავტომატურად გაუყინავდნენ ანგარიშებს...
- ვერ წარმომიდგენია, რა თანხაზე უნდა იყოს საუბარი, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს, საფინანსო სექტორს უღირდეს, ამხელა რეპუტაციული დარტყმა მიიღოს.
- როგორ გესმით ნათია თურნავას არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია და სწორედ ამით ხსნის საგამონაკლისო ბრძანების გამოცემას...
- როცა საუბარია იმაზე, რამდენად შეესაბამება სანქციების აღსრულება საქართველოს კონსტიტუციას და გამონაკლისი ბრძანების გამოცემით სებ-მა ის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანა, მგონია, რომ ეს არის აბსოლუტურად ზედაპირულზე ზედაპირული მსჯელობა და არაფერთან კავშირში არაა. აქ ხომ არაა საუბარი დანაშაულის დამტკიცება-არდამტკიცებაზე ან ვინმეს დაჭერა-არდაჭერაზე?! აქ საუბარია იმაზე, რომ ამერიკამ დაავალდებულა, საკუთარი რეზიდენტები არ მოემსახურონ სანქცირებულ პირებს და შესაბამისად, ჩვენმა კონსტიტუციამ როგორ უნდა დაიცვას ვინმე ან არ დაიცვას, აბსოლუტურად გაურკვეველია...
- ნათია თურნავა ირწმუნება, რომ სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა და ოთარ ფარცხალაძის ნაცვლად, საქართველოს ნებისმიერი სხვა მოქალაქე რომ დაესანქცირებინა აშშ-ს, ასე იმოქმედებდნენ. გჯერათ?
- მე ნათიას დიდი ხანია ვიცნობ და არ მინდა პიროვნული შეფასება გავაკეთო, მაგრამ ამომრჩევლისთვის თუ გაუთვითცნობიერებელი მოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა, რადგან ამ ბრძანების გამოცემა არავითარ კავშირში არაა სანქციის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანასთან. წარმოვიდგინოთ, მსოფლიოს ყველა ქვეყნის კონსტიტუცია... წარმოვიდგინოთ, აშშ ასანქცირებს პირებს/კომპანიებს... და ერთადერთია საქართველო, რომელიც იცავს საკუთარ მოქალაქეებს?! ეს გამოდის და ეს არის აბსურდი.
- ნათია თურნავას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ასევე, რამდენიმე ანალიტიკურმა ორგანიზაციამ მოუწოდა, გააუქმოს გამონაკლისი ბრძანება... არის ეს გამოსავალი სებ-ის, როგორც ინსტიტუციის და მისი რეპუტაციის გადასარჩენად?
- ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა პოლიტიკური გავლენებისგან, ასევე ის, რომ მას ჰყავდეს კვალიფიციური საბჭოს წევრები, რადგან მთლიანად ქართული საფინანსო სისტემა როგორი გვექნება, დიდწილად ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული და ვფიქრობ, ეს <ნათია თურნავას ბრძანება პრაქტიკაში ვერ იმუშავებს და არააღსრულებადია. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ბანკს ერჩივნება, სებ-მა დააჯარიმოს, ვიდრე სანქცირებულ პირს მისცეს ტრანზაქციის განხორციელების უფლება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამდენად, ალბათ სებ-ის პრეზიდენტს ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ბრძანებამ ვერ იმუშავა თუნდაც ოთარ ფარცხალაძისთვის?
- არ ვიცი.. თითქმის ყველა ბანკის მენეჯმეტს ვიცნობ, ვიცი მათი დამოკიდებულება, როგორ აფასებენ რისკებს და ა.შ. ამიტომ ძალიან მეეჭვება ასეთი რამ მომხდარიყო, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ.