კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანის სოსო ბერიკაშვილის აზრით, თუ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა შეწყდა, ქვეყნის სუვერენული რეიტინგი აუცილებლად გაუარესდება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, ეკონომისტი ფიქრობს, რომ IMF-თან ურთიერთობის დაძაბვა და პროგრამა შეწყვეტა ნეგატიურად აისახება არა მხოლოდ ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე, არამედ - ბანკების რეიტინგზეც.
„ძალიან მარტივად არის საქმე - ვინც უნდა დაგვეხმაროს, მასთან ურთიერთობა არ უნდა გავიფუჭოთ. არ უნდა გავიფუჭოთ ურთიერთობა განვითარებულ სამყაროსთან, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ვაკეთებთ. უნდა გვესმოდეს, რომ IMF-ის შეშფოთებული განცხადებები უბრალოდ განცხადებები არ არის.
გარდა ამისა, როგორც ბოლოს IMF-სგან მოვისმინეთ, "სანქციების საგამონაკლისო წესი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე ფონდის შეშფოთებას იწვევს". აპოკალიფსურ სურათს არასდროს ვხატავ - არა, არ ჩამოიშლება ქართული ფინანსური სექტორი, ის ყველაზე ძლიერია, მაგრამ დაზიანდება და არა მარტო ბანკები, არამედ - ქვეყანა. შეიძლება ბანკების საკრედიტო რეიტინგიც გაუარესდეს და ქვეყნის კი - აუცილებლად. ვფიქრობ, რომ IMF-ის მიმდინარე პროგრამა შეწყვეტილად არ გამოცხადდება, მაგრამ გაურკვეველი ვადით დარჩება შეჩერებული“, - თქვა სოსო ბერიკაშვილმა.
ეკონომისტის შეფასებით, ე.წ. საგამონაკლისო ბრძანებით, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის სანქცირების შემთხვევაში, ბანკები კლიენტს ანგარიშს ავტომატურად ვერ გაუყინავენ, უზარმაზარი რეპუტაციული დარტყმა მიადგა როგორც ეროვნულ ბანკს, ისე პირადად ნათია თურნავას.
„რეპუტაცია შეიძლება ერთ დღეში დაანგრიო, მაგრამ აშენებას წლები სჭირდება. ნათია თურნავას აქვს უნარი ისაუბროს, შეხვდეს ყველას, რაც კარგია, მაგრამ სანამ ის სებ-ში ხელმძღვანელ თანამდებობაზე იქნება, არ მესმის, რანაირად შეიძლება რამის გამოსწორება?! ამ სიტუაციაში რეპუტაციის აღდგენის გზას ვერ ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკში ბევრი პროფესიონალი მუშაობს“, - აღნიშნა მან.
ეკონომისტს მიაჩნია, რომ ნათია თურნავას სახელით ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემის ადრესატი იყო არა მხოლოდ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე, არამედ სხვა პირები, რომლებიც შესაძლოა, დასანქცირდეს.
„ეს ბრძანება, სავარაუდოდ, იყო შეტყობინება პოტენციურად დასასანქცირებელი პირებისთვის, რომ მათ ხელისუფლება ასეთი ფორმით იცავს საფრთხეებისგან“, - დასძინა სოსო ბერიკაშვილმა.