მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის პროგრამის აღდგენა ნათია თურნავაზე დამოკიდებული არ არის“ - მოსაზრება

სოსო ბერიკაშვილი

„კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, IMF-ის პროგრამის აღდგენა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათია თურნავაზე დამოკიდებული არ არის. როგორც ან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, ტყუილად არ ცდილობს ნათია თურნავა საკანონმდებლო ხელისუფლებისკენ ისრების გადატანას.

საქმე ის არის, რომ დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-ის) შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალიმ ბრიფინგი გამართა და ახლახან დასრულებული „Article IV“ მისიის შედეგები წარადგინა. ბრიფინგი ეროვნულ ბანკში გაიმართება და სუბირ ლალთან ერთად სიტყვით ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გამოვიდნენ. კითხვები დაისვა, IMF-ის პროგრამასთან კავშირებით, რომელიც გასულ წელს შეჩერდა. მისი შეჩერება საქართველოს ხელისუფლების მიერ ფონდის წინაშე გაფორმებული მემორანდუმის პირობების დარღვევას უკავშირდებოდა, კერძოდ კი სებ-ის შესახებ ორგანული კანონის შეცვლას და პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რაც 2023 წლის ივნისში განხორციელდა. IMF-ის ინფორმაციით, მათი შეშფოთება ასევე გამოიწვია ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული საგამონაკლისო წესის მიღებამ, რამაც პროგრამის განახლება დამატებით გაართულა.

დღეს სწორედ ამ შეხვედრაზე, ნათია თურნავამ თქვა, რომ „ცვლილება გადის ეროვნული ბანკის კომპეტენციიდან და მოითხოვს უფრო ფართო მსჯელობას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან" და თქვა, რომ პროგრამის აღდგენის მოლოდინი აქვს.

სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ ნათია თურნავა IMF-ის პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით „რაღაცებს აკეთებს“, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

„მგონია, ნათია თურნავა აკეთებს რაღაცებს, რაც მასზეა დამოკიდებული, ხვდება ყველას და ყველა შესაძლო კომუნიკაციის არხს იყენებს , მაგრამ ეგ საკმარისი არ არის. რაც შეეხება პროგრამის აღდგენას, არ მგონია, ამ ეტაპზე, ნათია თურნავაზე იყოს დამოკიდებული. ის, რომ იგი ისრების გადატანას საკანონმდებლო ხელისუფლებისკენ ცდილობს, სწორია. კონკრეტული პირობებია იმისთვის, რომ ეგ პროგრამა გაგრძელდეს და ეგ პირობა არის საბჭოს რეფორმირება“, - განაცხადა მან.

ეკონომისტის მოსაზრებით, ამ ვითარებაში ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნება სებ-ში შემცირდეს პრეზიდენტის და გაიზარდოს საბჭოს უფლებები.

სებ-ის საპრეზიდენტო მოდელი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს ძალიან დიდი უფლებები აქვს და საბჭოს უფლებები ნაკლებია. IMF-ი თვლის, რომ საბჭოს უფლებები უფრო გაზრდილი უნდა იყოს. მე რომ მკითხოთ, ალბათ პრეზიდენტის ძალაუფლებას შევასუსტებდი სებ-ში და გავზრდიდი საბჭოს უფლებებს, ოღონდ იმ დათქმით, რომ ამ საბჭოში კომპეტენტური და დამოუკიდებელი ადამიანები იქნებიან“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ სებ-ის საბჭოს წევრობის მსურველებს შორის სოსო ბერიკაშვილიც არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები