ფინანსისტ ვასილ რევიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკის რეპუტაცია საფინანსო სექტორის სტაბილურობის არაპირდაპირი გარანტია. ამის შესახებ მან BMGtv-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ბოლო კვირებში ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების გამოცემას მოჰყვა.
მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბანკირი, რომელიც 2022 წლიდან მავრიკის Silver Bank-ის აღმასრულებელი დირექტორია, ფიქრობს, რომ ნათია თურნავას ბრძანების მიუხედავად, ქართული საფინანსო სექტორი საერთაშორისო სანქციების შესრულებას გააგრძელებს და ყველაზე დიდი რეპუტაციული ზიანი ამ პროცესებით ეროვნულ ბანკს მიადგა.
- ნათია თურნავას ე.წ. საგამონაკლისო ბრძანებას ქართულმა ბანკებმა ძალიან მოზომილი განცხადებებით უპასუხეს, რაც გასაგებიც იყო. მათ თქვეს, რომ გააგრძელებენ საერთაშორისო სანქციების დაცვას... პრაქტიკაში უშვებთ იმის ალბათობას, რომ შეიძლება, ბანკებმა ნათია თურნავას ბრძანება საერთაშორისო სანქციების წესზე წინ დააყენონ?
- შეუძლებელია და გეტყვით რატომ: ა) აქვთ უფლება, რომ იხელმძღვანელონ საერთაშორისო სანქციით და არა ცენტრალური ბანკის განკარგულებით და ბ) ძალიან ბევრი აქვთ დასაკარგი, ვინაიდან თუ გააგრძელებენ სანქცირებული პირების მომსახურებას, დაკარგავენ საერთაშორისო ინფრასტრუქტურაზე წვდომას, რითაც გადარიცხვებს ახორციელებენ; ამან კი, შეიძლება, გამოიწვიოს ეკონომიკის იზოლირება, რაც არ მგონია, ვინმეს აწყობდეს.
- მაშინ რა გამოდის, ამ ბრძანებით რეპუტაციული ზიანი მიადგა თავად ნათია თურნავას და ეროვნულ ბანკს, რომლის ფასიც რიცხვებში მინიმუმ 70 მლნ აშშ დოლარამდეა - ვგულისხმობ, სავალუტო ინტერვენციებს, რომელიც სებ-მა ლარის კურსის მერყეობის შესარბილებლად განახორციელა...
- დიახ, რეპუტაციული ზიანი მიადგა ეროვნულ ბანკს... რაც შეეხება იმ დღეებში საერთაშორისო რეზერვები გაყიდვას, ეს მოსალოდნელი იყო. ეროვნული ბანკის რეპუტაცია საფინანსო სექტორის სტაბილურობის არაპირდაპირი გარანტია; როდესაც სებ-ის დამოუკიდებლობას კითხვის ნიშანი ესმება არა მხოლოდ ფინანსურ სტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ სტაბილურობას, ვინაიდან მონეტარული პოლიტიკაც სებ-ის მიერ ტარდება და ესეც თუ ვიღაცის ინსტრუქციით გატარდა და არა საჭიროებით, შეიძლება, ქვეყნის ეკონომიკას საფრთხე მიადგეს, რაც პირველ რიგში, გამოიხატება ლარის სტაბილურობაში და ეროვნული ვალუტის გაუფასურება სწორედ ამის სიგნალი იყო.
- ნათია თურნავამ როდესაც ეს ბრძანება გამოსცა, მან თქვა, რომ მსგავსი ბრძანება რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაშიც გამოსცეს. ამ დრომდე თავად სებ-ის ვერ გვაწვდის ამ ქვეყნების სიას. ვერც ჩვენ ვიპოვეთ. თქვენ ხომ ვერ გვეტყვით?
- არ არსებობს ასეთი ქვეყანა. OFAC - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი არავის სთხოვს სანქციებზე შეერთებას ან პირიქით. OFAC-ს ეს არ სჭირდება; ის თავად უზრუნველყოფს სანქციების შესრულებას - ასანქცირებს იმას, ვინც ამ სანქციებს არღვევს. მე არ გამიგია ქვეყანა, რომელმაც თქვა, რომ OFAC-ს სანქციას უერთდება; ეს ისეთივე უაზრობა იქნება, მე რომ ვთქვა - ოკლაჰომის შტატს ვუერთდები-მეთქი.