მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავას ბრძანების ფასი: „ყველამ დავასკვენით, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი არაა“

ბანკირი

ფინანსისტ ვასილ რევიშვილის შეფასებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ გამოცემული ბრძანება, რომელიც რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისათვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს, პრაქტიკაში ვერ იმუშავებს. „სასაცილო სიტუაცია მივიღეთ... ერთადერთი, რაც ყველამ დავასკვენით, ის არის, რომ სებ-ი დამოუკიდებელი არაა", - ამის შესახებ მან BMGtv-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. ვასილ რევიშვილი 2022 წლიდან მავრიკში ცხოვრობს და საქმიანობს. ის მავრიკის Silver Bank-ის აღმასრულებელი დირექტორია.

საფინანსო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ. როგორ გესმით ნათია თურნავას ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების შინაარსი და თქვენი აზრით, რამდენად შესრულებადია ის პრაქტიკაში?

- თავიდანვე თვალს ვადევნებდი ამ ეპოპეას და მეცინებოდა... OFAC - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი  - დასახელებაც მეტყველებს, რაზეა საუბარი. OFAC-ის სანქცია ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის მოქალაქეს ან რეზიდენტს ან იქ დაფუძნებულ იურიდიულ პირს არ აქვს უფლება, რაიმე საქმიანობას აწარმოებდეს სანქცირებულ პირთან. წერტილი. OFAC-ი არ ითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაიცვან სანქცია; უბრალოდ, გვეუბნებიან, რომ თუ თქვენ გინდათ ურთიერთობა აშშ-ში დაფუძნებულ კომპანიებთან თუ ფიზიკურ პირებთან, არ უნდა იყოთ სანქცირებული. შესაბამისად, ჩვენ შევუერთდებით თუ - არა, OFAC-ის სანქციების აღსრულებას წინ არაფერი უდგას.

რაც შეეხება თავად  ქართულ საფინანსო სექტორს, მათთვის <ნათია თურნავას> ბრძანება არაფერს ნიშნავს, რადგან ბანკები არიან საერთშორისო შეთანხმების ნაწილი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ისინი თავად წყვეტენ რომელი კლიენტი მიიღონ ან რომელს არ მოემსახურონ. ცენტრალურ ბანკს არ აქვს უფლება, ბანკებს უთხრას, რომელ კლიენტს მოემსახუროს. შესაბამისად, საფინანსო სექტორის გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობას ეს ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება ვერ შეეხება. ამდენად, სასაცილო სიტუაცია გამოვიდა... საერთოდ არ იყო საჭირო ამ ყველაფრის ატეხვა, რადგან საერთო ჯამში, არაფერი შეიცვალა. ერთადერთი, რაც ყველამ დავასკვენით ის არის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი არაა; მისი დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დადგა...

- დღეს, რომელიმე ქართული ბანკის გენერალური დირექტორი რომ იყოთ, რას ჰკითხავდით ნათია თურნავას?

- არც არაფერს არ ვკითხავდი. ლამაზი შეკითხვა არ გამომივიდოდა... ჩუმად ვიქნებოდი და ჩემს საქმეს გავაგრძელებდი, რასაც ალბათ, ძირითადად, ქართული ბანკები აკეთებენენ.

- ნათია თურნავას ე.წ. საგამონაკლისო ბრძანებას ქართულმა ბანკებმა ძალიან მოზომილი განცხადებებით უპასუხეს, რაც გასაგებიც იყო. მათ თქვეს, რომ გააგრძელებენ საერთაშორისო სანქციების დაცვას... პრაქტიკაში უშვებთ იმის ალბათობას, რომ შეიძლება, ბანკებმა ნათია თურნავას ბრძანება საერთაშორისო სანქციების წესზე წინ დააყენონ?

- შეუძლებელია და გეტყვით რატომ: ა) აქვთ უფლება, რომ იხელმძღვანელონ საერთაშორისო სანქციით და არა ცენტრალური ბანკის განკარგულებით და ბ) ძალიან ბევრი აქვთ დასაკარგი,  ვინაიდან თუ გააგრძელებენ სანქცირებული პირების მომსახურებას, დაკარგავენ საერთაშორისო ინფრასტრუქტურაზე წვდომას, რითაც გადარიცხვებს ახორციელებენ; ამან კი, შეიძლება, გამოიწვიოს ეკონომიკის იზოლირება, რაც არ მგონია, ვინმეს აწყობდეს.

- მაშინ რა გამოდის, ამ ბრძანებით რეპუტაციული ზიანი მიადგა თავად ნათია თურნავას და ეროვნულ ბანკს, რომლის ფასიც რიცხვებში მინიმუმ 70 მლნ აშშ დოლარამდეა - ვგულისხმობ, სავალუტო ინტერვენციებს, რომელიც სებ-მა ლარის კურსის მერყეობის შესარბილებლად განახორციელა...

- დიახ, რეპუტაციული ზიანი მიადგა ეროვნულ ბანკს... რაც შეეხება იმ დღეებში საერთაშორისო რეზერვები გაყიდვას, ეს მოსალოდნელი იყო. ეროვნული ბანკის რეპუტაცია საფინანსო სექტორის სტაბილურობის არაპირდაპირი გარანტია; როდესაც სებ-ის დამოუკიდებლობას კითხვის ნიშანი ესმება, კითხვის ნიშანი ესმება არა მხოლოდ ფინანსურ სტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ სტაბილურობას, ვინაიდან მონეტარული პოლიტიკაც სებ-ის მიერ ტარდება და ესეც თუ  ვიღაცის ინსტრუქციით გატარდა და არა საჭიროებით, შეიძლება, ქვეყნის ეკონომიკას საფრთხე მიადგეს, რაც პირველ რიგში, გამოიხატება ლარის სტაბილურობაში და ეროვნული ვალუტის გაუფასურება სწორედ ამის სიგნალი იყო.

- ნათია თურნავამ როდესაც ეს ბრძანება გამოსცა, მან თქვა, რომ მსგავსი ბრძანება რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაშიც გამოსცეს. ამ დრომდე თავად სებ-ის ვერ გვაწვდის ამ ქვეყნების სიას. ვერც ჩვენ ვიპოვეთ. თქვენ ხომ ვერ გვეტყვით?

- არ არსებობს ასეთი ქვეყანა. OFAC - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი არავის სთხოვს სანქციებზე შეერთებას ან პირიქით. OFAC-ს ეს არ სჭირდება; ის თავად უზრუნველყოფს სანქციების შესრულებას - ასანქცირებს იმას, ვინც ამ სანქციებს არღვევს. მე არ გამიგია ქვეყანა, რომელმაც თქვა, რომ OFAC-ს სანქციას უერთდება; ეს ისეთივე უაზრობა იქნება, მე რომ ვთქვა - ოკლაჰომის შტატს ვუერთდები-მეთქი.

- ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების გამო, სებ-ის გადაწყვეტილებები ხომ არ იქნება სულ ეჭვის ქვეშ - ვგულისხმობ დამოუკიდებლობის ხარისხს...

- მუდმივი არაფერია. გარკვეული პერიოდი ეროვნულ ბანკს ეჭვის თვალით შეხედავენ, მაგრამ მას ექნება იმის საშუალება, რომ თავისი დამოუკიდებლობა დაამტკიცოს და იმედია, ამას გააკეთებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები