ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამბობს, რომ ბანკი სავალუტო რეზერვების შევსებას მხოლოდ “ხელსაყრელ პირობებში” განიხილავს.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც მიმდინარე წელს სებ-ის მიერ რეკორდული მოცულობის სავალუტო რეზერვების შესყიდვას ეხებოდა. 2023 წლის იანვარ-ივნისში სებ-ის მიერ ბაზრიდან სავალუტო შესყიდვების ზომა 1.06 მილიარდი დოლარი იყო.
“ვაკვირდებით ბაზარს და როცა კი შესაძლებლობა გვეძლევა და პოზიტიური ვითარებაა ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი სავალუტო რეზერვები შევავსოთ. სავალუტო რეზერვები არის ჩვენი ქვეყნის უნარი გაუმკლავდეს სამომავლო შოკებს. ზოგადად, რაც უფრო მაღალია რეზერვების მაჩვენებელი უფრო კარგად ფასდება და უფრო დაბალია ქვეყნის საფინანსო სექტორის რისკიანობა. ამიტომ, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები რეზერვების დონეს დიდი ყურადღებით აკვირდებიან და ითვალისწინებენ. არსებული ვითარება გვაძლევს საშუალებას ძალიან ფრთხილად და მცირე მოცულობით შევავსოთ ჩვენი რეზერვები ისე რომ სავალუტო ბაზარზე ზეწოლა არ მოხდეს. დღეს ვართ რეზერვების ადეკვატურობის ზონაში, მაგრამ შესაძლებლობა გვაქვს შევავსოთ რეზერვები რომ ამას გავაკეთებ მხოლოდ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში. ისე რომ ამან ბაზარზე დამატებითი ზეწოლა არ მოახდინოს",- ამბობს თურნავა.