მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტმა „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ" დადგენილების პროექტი მიიღო

სს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ" მოხსენება წარადგინა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2025 წელს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვებმა 2.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ამ მაჩვენებელმა 3.37 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს, 8.25 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ამავე პერიოდისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) მაჩვენებელმა 130% შეადგინა.

მისივე განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საგარეო შოკების მიმართ მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტია, შესაბამისად, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებისა და მათი ეფექტიანი მართვის პოლიტიკას თანმიმდევრულად აგრძელებს.

ნათია თურნავას თქმით, გაიზარდა სარეზერვო აქტივების ვალუტების მიხედვით დივერსიფიკაციაც. კერძოდ, საერთაშორისო რეზერვებს დაემატა ბრიტანული ფუნტი, გაიზარდა ჩინური იუანის და ევროს აქტივების ფლობა.

მისივე განმარტებით, მონეტარული ოქროსა და სხვა ვალუტების წილის ზრდა რეზერვების დივერსიფიკაციას, გლობალური ინფლაციური რისკებისგან მათ დაცვასა და მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნებას ემსახურება.

„ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობას საშუალოვადიან პერიოდში. შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

პარლამენტმა „2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ" დადგენილების პროექტი 76 ხმით მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები