მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ის გადაწყვეტილების კონკრეტულ პირებზე მიბმა საკითხის პოლიტიზირების მცდელობაა - თურნავა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, მარეგულირებლის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს და ამ გადაწყვეტილების კონკრეტულ პირებზე მიბმა საკითხის პოლიტიზირების მცდელობაა. ამის შესახებ მან ეროვნულ ბანკში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.

19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

ახალი ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ტრანზაქციების შეზღუდვა ამოქმედდება მაშინ თუკი ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს, რადგან სხვადასხვა ინტერპრეტაციები გაჩნდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელს და გვარს და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს გადაწყვეტილება მიებას, რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას ან სანქციებიდან თავის არიდებას, ამ გადაწყვეტილების პოლიტიზირების მცდელობაა. ჩვენ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია ვართ, საქართველოს ეროვნული ბანკი. ჩვენ ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა ჩვენს ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ ჩვენი საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად ჩვენი ვალდებულებაა საერთაშორისო სანქციის აღსრულების პროცესში, როდესაც ეს ეხება ან შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და ეს აღსრულება მოხდეს, კონსტიტუციასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსია. ამიტომ იყო შეტანილი შესაბამისი ცვლილება სანქციების აღსრულების წესში.

ეს გადაწყვეტილება იცავს და დაიცავს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის უფლებებს და ვიდრე მათ წინააღმდეგ არ იქნება გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, სანქციების აღსრულება შეჩერებული იქნება.

განვითარებულ სახელმწიფოებში სხვადასხვა ანალოგიური პრაქტიკა არსებობს. არ ხდება ხოლმე ყველა შემთხვევაში ავტომატური ქმედება, თუკი ის გარკვეულ შეუსაბამობაშია ეროვნულ კანონმდებლობასთან, მით უფრო რომ ჩვენ დაგვიდგა საკითხი რამდენად შეესაბამება სანქციების ავტომატური აღსრულება ჩვენს კონსტიტუციას და ამ გარკვეული საკითხის აღმოსაფხვრელად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დასაცავად, ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე ვინც შეიძლება მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ მის მიმართ საერთაშორისო სანქცირების აღსრულება განხორციელდება კონსტიტუციური უფლებების სრული დაცვით და ჩვენი კანონმდებლობის დადგენილი წესით“, - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები