მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იქნება სებ–ის დამოუკიდებლობის მთავარი ტესტი? – თამაზ დაუშვილის მოსაზრება

6495b88b591d3
ელენე კვანჭილაშვილი
23.06.23 21:31
550
სტატიაში საუბარია:
„რაიმე ტიპის გაუარესებას ეროვნული ბანკის ფუნქციონირებაში მე, მაგალითად, არ ველოდები“ – ამის შესახებ ბიზნესმენმა თამაზ დაუშვილმა ელენე კვანჭილაშვილის ‘ანალიტიკა’–სთან პირდაპირ ეთერში განაცხადა.

‘ანალიტიკა’–ს ავტორისა და წამყვანის კითხვაზე – რა იქნება ბიზნესმენისთვის მთავარი ტესტი, რომელიც ნათია თურნავამ უნდა ჩააბაროს იმისთვის, რომ მისი დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ მართლაც არ დადგეს – თამაზ დაუშვილმა განაცხადა, რომ ამაზე ნაფიქრი აქვს.

„გვახსოვს საქართველოს ეკონომიკის განვითარების ის ეტაპი, როდესაც ეკონომიკის მაქსიმალურად სტიმულირება ხდებოდა. ინვესტიციები მცირდებოდა და შესაბამისად, ლარის გაუფასურება ექსპორტის სტიმულირებისთვის ხდებოდა. ლარი, საბოლოო ჯამში, იმ დონემდე გაუფასურდა, რომ შემდეგ გაცილებით უფრო მაღალი ინფლაცია მივიღეთ – პანდემიის გამო და იმ ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც რეგიონში შეიქმნა“ – ასეთია ბიზნესმენის პოზიცია.

თამაზ დაუშვილის მოლოდინია, რომ როცა რუსეთის გავლენის ფაქტორი ამოიწურება და საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი დაეცემა, სწორედ მაშინ გამოჩნდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაც. „გამოჩნდება, როგორ იმოქმედებს ეროვნული ბანკი – იფიქრებს ინფლაციაზე, ლარის სტაბილურობაზე თუ დაემორჩილება მთავრობის პოლიტიკას და მოხდება კიდევ დამატებით, ხელოვნურად, ეროვნული ვალუტის გაუფასურება“ – ამბობს თამაზ დაუშვილი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ნათია თურნავა 22 ივნისს აირჩიეს. ეს თანამდებობა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება ამოეწურა, არჩილ მესტვირიშვილს ეკავა.

თუმცა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის და პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შემოვიდა ახალი აღმასრულებელი თანამდებობა - პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გათავისუფლებულია თანამდებობიდან – ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებს 2 წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები