იპოთეკურ დაკრედიტებაზე რეგულაციის გამარტივება უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას გაზრდის, თუმცა ამ მექანიზმით მოთხოვნის პირვანდელ ნიშნულზე დაბრუნება მოსალოდნელი არაა - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრში აცხადებენ.
როგორც ცენტრის მკვლევარმა, გოჩა ქარდავამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ეროვნული ბანკის მხრიდან იპოთეკურ სესხებზე რეგულაციის გამარტივება მიმართულია იმისკენ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე რისკები შედარებით შემცირდეს.
მისივე შეფასებით, მიგრაციის ეფექტის შენელებასთან ერთად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნის კლება ისედაც მოსალოდნელი იყო, თუმცა ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, ეს პროცესი უფრო დაჩქარდა.
“ზრდა, რომელიც ბოლო ორ წელში უძრავ ქონებაში ფიქსირდებოდა, სრულად გამოწვეული ქვეყანაში მიგრანტების შემოდინებით, ის, რომ ეს სექტორი შენელდა სიურპრიზი არაა და ეს თავიდანვე მოსალოდნელი იყო. ის ზრდა, რომელიც მიგრანტებმა გამოიწვიეს, ერთჯერადი იყო და ვიცოდით, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს მოთხოვნა შენელდებოდა, რადგან მიგრანტების ახალი ტალღა აღარ შემოსულა, ასევე მათმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა.
თუმცა სექტორში მოთხოვნა იმაზე უფრო მეტად შემცირდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ეს დროის შედარებით მოკლე პერიოდში მოხდა. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მხრიდან ამ სექტორის ხელშეწყობა წესით უნდა იყოს ამ შემცირების საწინააღმდეგოდ მიმართული. იპოთეკურ დაკრედიტებაზე რეგულაციის შერბილება მოთხოვნის ზრდისკენაა მიმართული და მოთხოვნის მცირე ზრდა მოსალოდნელია. თუმცა ეს იმდენად დიდი ცვლილება არაა, რომ მან ფუნდამენტურად შეცვალოს ყველაფერი და მოთხოვნა ისევ პირვანდელ მაჩვენებელს დაუბრუნდეს. ეს მოკლევადიანი გამოსავალია, რომ სექტორში მოთხოვნის შემცირება უფრო მარტივად გადასატანი იყოს კომპანიებისთვის”, - განაცხადა გოჩა ქარდავამ.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა იპოთეკური სესხის აღება გაამარტივა. კერძოდ, ბინის ყიდვისას პირველადი შენატანი ბინის ღირებულების 10% გახდა, ნაცვლად აქამდე არსებული 15%-ისა. ამასთან, გამარტივდა ბინების შეძენა ემიგრანტებისთვის, რადგან უცხოეთში მიღებული შემოსავლების დადასტურებით გაცემულ იპოთეკებში მინიმალური შენატანი 30%-დან ნაცვლად, 20%-მდე მცირდება.