მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლაპარაკებები ჩიხშია - მერიასა და „ბუდაპეშტის" ინვესტორების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

602a6e3f30152
ინგა მურუსიძე
15.02.21 16:48
1002
მერიასა და „სასტუმრო ბუდაპეშტის“ ინვესტორ კომპანია "ტიფლის დეველოპმენტს" შორის შეთანხმება ვერ შედგა. დედაქალაქის მთავრობაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელმა გოგა ზაქაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრაზე ახალი ვერაფერი მოისმინა.

მისივე შეფასებით, მერიას ახალი არაფერი აქვს სათქმელი და მოლაპარაკების სურვილი არ აქვთ. გარდა ამისა, გოგა ზაქაიძე ირწმუნება, რომ კომპანიამ ადგილზე რესტორნის აშენებაზეც უარი მიიღო.

„მათ ურჩევნიათ, რომ გადაიხადონ 20 მლნ ლარი ან ჩაგვინაცვლონ 20 მილიონიან მიწაში, მაგრამ არ აგვაშენებინონ თუნდაც რესტორანი. რეალურად, დღეს კიდევ გაწელეს პროცესი. შეეცადნენ სამუშაოები გაგვეჩერებინა, მე დაველაპარაკები ჩვენს პარტნიორებს, თუმცა მშენებლობას გავაგრძელებთ. მერია არ არის თანახმა იმაზე, რომ ავაშენოთ სასტუმრო ან რესტორანი. ამბობენ, ურჩევნიათ გადაიხადონ 20 მლნ, თუმცა ეს თანხა არ აქვთ და არის აბსტრაქტული, რადგან დროში უნდა გავწეროთ გადახდა და ა.შ. უნდოდათ, ეს თანხა ჩაესვათ მომავალი წლის ბიუჯეტში და ა.შ. თუ გვაძლევენ თანხას, მოგვცენ ან აგვაშენებინონ ან კიდევ, მოგვცენ მიწის ნაკვეთი ან რაიმე გამოსავალი იპოვონ“, - განაცხადა ზაქაიძემ და იქვე დასძინა, რომ 
დღეს მერიას რაიმე ახალი მიწის ნაკვეთი ინვესტორისთვის არ შეუთავაზებია.

გოგა ზაქაიძე ამბობს, რომ კომპანია აიყვანს იურისტებს და თავისი უფლებების დასაცავად ბრძოლას გააგრძელებს.

ინფორმაციისთვის: დღეს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „სასტუმრო ბუდაპეშტის“ წარმომადგენლებმა სასტუმროს ასაშენებლად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამის უფლება სასამართლოთი აქვთ მინიჭებული, თუმცა მერიის მუნიციპალური ინსპექციის ვიზიტის შემდეგ, სამუშაოები დროებით შეწყდა და მერიაში შეხვედრა ჩაინიშნა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, უშედეგოდ დასრულდა.

შეგახსენებთ: თბილისის მერიამ ვაკის პარკის ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია-განახლება დაიწყო. მერი კახა კალაძე განმარტავს, რომ ვაკის პარკი განახლდება, თუმცა შეინარჩუნებს იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, რაც იქ არის განთავსებული. როგორც ცნობილია, ვაკის პარკში არსებობს სადავო ტერიტორია, რომელზეც როგორც ინვესტორი კომპანია ირწმუნება, 2013 წელს  სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვაა გაცემული. პროექტი სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ამავე სახელობის კომპანიამ უნდა განახორციელოს, თუმცა თბილისის მოქმედი მთავრობა ამაზე უარს აცხადებს. მოლაპარაკებები უკვე ორი წელია გრძელდება, თუმცა როგორც ინვესტორი ამბობს, ის ჩიხშია შესული და მისი, როგორც მესაკუთრის უფლებები ირღვევა, რადგან საკუთრებით ვერ სარგებლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები