„სიტუაცია მძიმეა, მოლოდინები, განწყობები ძალიან ნეგატიური“, - ასე აფასებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას BMG-სთან „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორი. ბექა ბექაია ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისი უკვე იქცა ეკონომიკურ კრიზისად, შესაბამისად, თუ პროცესები დეესკალაციისკენ არ წავა, პროგნოზები საკმაოდ ნეგატიურია.
„მოლოდინია, რომ გაუარესდება სიტუაცია, ინვესტიციები არ შემოვა, ლარი გაუფასურდება, ეს მეტ ნაკლებად შეეხება ტურიზმის, უძრავი ქონების სექტორს, რადგან შიდა და გარე სიტუაცია ამაზე მიუთითებს.
რა უნდა გავაკეთოთ ბიზნესებმა? ჩვენ ვცდილობთ ვიაქტიუროთ, ერთმანეთს მაინც ველაპარაკოთ და ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ამ სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ვგულისხმობ ხელისუფლებას. მათ უჭირავთ ყველა ინსტრუმენტი, ბერკეტი ხელში, რომ რაღაც შეცვალონ“,- აცხადებს ბექაია.
მისი შეფასებით, ქვეყნის იმიჯზე და რეპუტაციაზე გავლენას ახდენს მთავრობის მაღალჩინოსნების სანქცირებაც.
"ცუდი ფაქტია, რომ შს მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები მაგნიტსკის სიაში მოხვდნენ. გარდა ამისა, უამრავ ადამიანს სავიზო შეზღუდვა აქვს დაწესებული და არ ვიცით სადამდე გაგრძელდება. პოტენციური ინვესტორები როგორ უყურებენ საქართველოს ხომ? ჩვენ არ გვაქვს დიდი რესურსები, საქართველო რაღაცით უნდა იყოს საინტერესო უცხოელისთვის, კარგი გარემო უნდა იყოს, ოაზისი უნდა იყოს, რომ აქ ადამიანი შემოვიდეს და ინვესტიცია შემოიტანოს. ბუნებრივია, სკეპტიციზმიც იქნება უცხოელ პარტნიორებში და ინვესტორებში და ასევე, დაპაუზება იქნება მათ ქმედებებში, სანამ არ დაინახავენ მკაფიოდ, რომ რაღაცა შეიცვალა.
არჩევნების დროს იყო მოლოდინი, რომ ცოტა დამშვიდდებოდა სიტუაცია, მაგრამ პირიქით მოხდა. ჩვენც გვქონდა მოლაპარაკებები ევროპელ პარტნიორებთან, რომელიც სამწუხაროდ დაპაუზდა არჩევნების შემდეგ.
არჩევნების მერე და ბოლო 3 კვირის განმავლობაში რაც ხდება, ბუნებრივია, საერთოდ ლაპარაკი ამაზე აღარ არის. ყველა არის მოლოდინის რეჟიმში. შეგიძლიათ ჰკითხოთ სხვა ბიზნესებსაც, დარწმუნებული ვარ, საღად მოაზროვნე ინვესტორი ჯერჯერობით ამ სიტუაციაში არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს“,- აცხადებს ბექაია.