მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ჩვენ კვლავაც მტკიცედ გვსურს გაფართოება - „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული დირექტორი

ეიპიემ ფოთის პორტი

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი" პორტის გაფართოების საკითხზე კვლავ მთავრობის პასუხის მოლოდინშია. როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, იენ როულინსონმა BGM-სთან განაცხადა, მოლაპარაკებები გრძელდება და იმედოვნებენ, რომ პასუხს მალე მიიღებენ.

ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია როგორც კომპანიის, ისე ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. APM Terminals-მა ფოთის პორტის გაფართოების შესახებ მთავრობას შესაბამისი ნებართვის მისაღებად პროექტი 2024 წლის პირველ კვარტალში წარუდგინა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

"[გაფართოებაზე] მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროსთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა. სულ რაღაც ორი კვირის წინ დელეგაცია გვესტუმრა, რათა განგვეხილა ფოთში არსებული მდგომარეობა და ის, თუ როგორ შეგვიძლია უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ როგორც სამინისტროსთან, ასევე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და მომავალში იმ მსხვილი ინვესტიციების განსახორციელებლად, რომელთა განხორციელებაც, ცხადია, კვლავაც დიდი სურვილი გვაქვს ფოთში. ფოთი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია შუა დერეფნისთვის, საქართველო წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია შუა დერეფნისთვის და ქვეყნისთვის შესაძლებლობები გამტარუნარიანობის გაზრდით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ კვლავაც მტკიცედ გვსურს გაფართოება და მოუთმენლად ველით ამ საუბრების გაგრძელებას და იმედი გვაქვს, რომ პასუხს მალე მივიღებთ",- ამბობს იენ როულინსონი.

კითხვაზე, რა არის გამოწვევა მთავრობის მხარეს, რაც პროცესს აფერხებს, ის ასე პასუხობს: "ვფიქრობ, წლების განმავლობაში შეფერხებებს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ისინი ჩვენთვის ბოლომდე ნათელი არ არის. თითქოს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენჯერმე ძალიან ახლოს ვიყავით მთავრობასთან შეთანხმების დასრულებასთან. შემდეგ კი, ბოლო წუთს, უბრალოდ, საბოლოო შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ამის მიზეზები კვლავ გაუგებარია ჩვენთვის. იმედი გვაქვს, რომ [ეკონომიკის] ახალ მინისტრთან და ახალ მოადგილესთან ერთად შეგვიძლია დავიწყოთ კონსტრუქციული საუბარი მომავლისკენ. როგორც ჩანს, ახლა [მთავრობისგან] წინსვლის სურვილი არსებობს და რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს შევისწავლოთ, თუ როგორ შეგვიძლია ამის განხორციელება. ამასობაში, როგორც ვთქვი, ჩვენ ძალიან ვართ ორიენტირებულნი იმაზე, რომ გავაგრძელოთ საქმიანობა ჩვენს არსებულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებით, რათა უზრუნველვყოთ ტვირთების შეუფერხებელი მოძრაობა პორტში, რომ შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა".

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციულმა დირექტორმა ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებობს კითხვები იმის შესახებ, გაგრძელდება თუ არა პროექტი და ვინ იქნება ინვესტორი.

"როგორც ჩანს, ამ სიტუაციაში დიდი სიცხადე არ არის. თუ არსებობენ ინვესტორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პროექტით, რა თქმა უნდა, ვუსურვებთ მათ წარმატებებს. ეს ჩვენთვის კონკურენცია იქნება. კონკურენცია ჯანსაღია. და სანამ სამართლიანი კონკურენცია იქნება, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, სიამოვნებით ვიბრძოლებთ თანაბარი პირობებით",- აცხადებს იენ როულინსონი, რომელიც მონაწილეობს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გამართულ შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენციაში.

ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია APM Terminals-ი პორტის გაფართოების პროექტზე არაერთი წელია მუშაობს. კომპანიის წლიური ანგარიშის თანახმად, არსებული პორტის მიმდებარედ, ჩრდილოეთით იგეგმება ახალი 330-მეტრიანი ნავმისადგომის და 1,500-მეტრიანი ტალღმჭრელის მშენებლობა. ამასთან, პორტთან 6.8 ჰექტარის ტერიტორიაზე საკონტეინერო ტერმინალის მოწყობაა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები