მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლდოვა დსთ-ს ოფიციალურად ტოვებს - "დოკუმენტები უკვე მომზადების პროცესშია"

მოლდოვა

მოლდოვის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი აღარ იქნება. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა, მიჰაი პოპშოიმ „Radio Moldova“-ს ეთერში განაცხადა, რომ დსთ-დან გამოსვლისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე მომზადების პროცესშია და მალე პარლამენტს გადაეცემა.

საუბარია სამ ძირითად დოკუმენტზე: 1993 წლის დსთ-ს წესდებაზე, 1991 წლის ორგანიზაციის დაფუძნების შეთანხმებასა და მის ოქმზე.

„ეს ნიშნავს, რომ მოლდოვა ოფიციალურად აღარ იქნება დსთ-ს წევრი. ამ სამი ფუნდამენტური შეთანხმების გაუქმება მოგვცემს იურიდიულ საფუძველს ვთქვათ, რომ ორგანიზაციაში აღარ ვართ. დე ფაქტო, ჩვენი მონაწილეობა კარგა ხანია შეჩერებული გვქონდა, თუმცა იურიდიულად კვლავ წევრებად ვრჩებოდით. პროცესი უკვე დაწყებულია“, - განაცხადა პოპშოიმ.

მინისტრის განმარტებით, მთავრობა დოკუმენტების მომზადებას თებერვლის შუა რიცხვებისთვის დაასრულებს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას დეპუტატებმა უნდა დაუჭირონ მხარი.

ვიცე-პრემიერმა დააზუსტა, რომ მოლდოვა არ აპირებს ყველა იმ ხელშეკრულების გაუქმებას, რომელიც მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანია და არ ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ კურსს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით:

  • მოლდოვას დსთ-სთან სულ 283 შეთანხმება აქვს გაფორმებული;
  • მათგან 71 უკვე ანულირებულია;
  • დაახლოებით 60 შეთანხმების გაუქმების პროცესი კი ამჟამად მიმდინარეობს.

კიშინიოვმა დსთ-სთან გაფორმებული ხელშეკრულებების დენონსაციის პროცესი 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო. მოლდოვის ხელისუფლების განცხადებით, ამ შეთანხმებების დიდი ნაწილი მოძველებულია ან პრაქტიკაში არასდროს გამოიყენებოდა.

გასული წლის ბოლოს მოლდოვის პარლამენტმა რუსეთთან კულტურული თანამშრომლობის შეთანხმებაც გააუქმა, რის შედეგადაც კიშინიოვში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრი დაიხურა. ქვეყნის კულტურის მინისტრის, კრისტიან ჟარდანის განცხადებით, აღნიშნული ცენტრი კულტურული საქმიანობის ნაცვლად, რეალურად მოლდოვის სუვერენიტეტის შელახვისკენ მიმართულ აქტივობებს ახორციელებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები