მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლდოვა ერთიან ევრო გადახდების სივრცეს ოქტომბრიდან შეუერთდება - რა ეტაპზეა საქართველო?

ევრო

2025 წლის 5 ოქტომბრიდან მოლდოვა ერთიანი ევრო გადახდების სივრცის (SEPA) ნაწილი გახდება, რის შედეგადაც ევროში უფრო იაფი საბანკო გადარიცხვები იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ კიშინიოვში გამართულ მოლდოვა-ევროკავშირი პირველ სამიტზე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ საბჭომ მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა მოლდოვის ერთიან ევრო გადახდების სივრცეში გაერთიანება. ქვეყანამ SEPA-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2024 წლის 30 იანვარს გააკეთა.

რა ეტაპზეა საქართველოს SEPA-ში გაწევრიანება?

SEPA-ში გაწევრიანებაზე განაცხადი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 2022 წელს შეიტანა. BM.GE-მ საქართველოს გაწევრიანების მიმდინარეობის შესახებ დეტალური კითხვებით სებ-ს მიმდინარე წლის 7 მარტს მიმართა, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.

საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ 11 ივნისს, ერთპარტიული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს SEPA-ში გაწევრიანებისთვის მოთხოვნების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. მან აღნიშნა, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს.

"ძალიან მაღალია მნიშვნელობა SEPA-ში გაწევრიანების. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც მივმართეთ SEPA-ს და ევროკომისიას განაცხადით ამ მიმართულებით. მას შემდეგ, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ეროვნული ბანკის კუთხით შესაბამისი ევროდირექტივების გადმოღების მიზნით, რაც კარგ საფუძველს ქმნის, რომ განხილვა დაიწყოს SEPA-ში ჩვენი გაწევრიანების, მთავრობამაც იმუშავა. შეიძლება რჩება რაღაც ნიუანსები, რაც შეიძლება პროცესში გასწორდეს, მაგრამ მოთხოვნების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. ვთვლით, რომ ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს, ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ჩვენმა კოლეგებმა ეს პროცესი დააჩქარონ. იქაც ეს დაკავშირებულია ტექნიკურ პარამეტრებთან, ასე სწრაფად არ ხდება. ვიცი კოლეგებისგან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცენტრალური ბანკირებისგან, რამდენად რთული და კომპლექსური პროცესია. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაუმჯობესოთ და გავაიაფოთ ევროკავშირთან ჩვენი საფინანსო გზავნილები იქნება თუ სხვა ტიპის ტრანზაქციები და SEPA სწორედ ამას ემსახურება, ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი",- თქვა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები