მოლდოვის საარჩევნო კომისიამ ორ პრორუსულ პარტიას 28 სექტემბერს ჩანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რუსული ჩარევის მაღალი რისკის საბაბით აუკრძალა.
კერძოდ, კომისიამ "მოლდოვის გული" და "დიდი მოლდოვა" ("მოლდოვა მარე") არჩევნებიდან მოხსნა გავრცელებული ცნობების გამო, რომლებიც საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებას, ამომრჩევლის მოსყიდვასა და არადეკლარირებულ უცხოურ დაფინანსებას შეეხებოდა. ორივე პარტიის კამპანიის ნაწილი მოსკოვთან კავშირის დაახლოება იყო.
მანამდე, კიშინიოვის სააპელაციო სასამართლომ პარტია "მოლდოვის გულს" პოლიტიკური აქტივობა 12 თვით აუკრძალა. აკრძალვა იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა მას შემდეგ, რაც პარტიაა ფულის გათეთრებაში, დაფინანსების აკრძალული წყაროების მოძიებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა. პარტიამ ბრალდება უარყო.
კომისიის ცნობით, კოალიცია "პატრიოტული საარჩევნო ბლოკიდან" მოხსნილი იქნება "მოლდოვის გულის" მიერ წარდგენილი ყველა კანდიდატი. თავად კოალიცია რუსეთის მიმართ მეგობრულადაა განწყობილი და ამჟამად მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტია. ბლოკს საარჩევნო სიის შესაცვლელად 24 საათი მიეცა.
რაც შეეხება "მოლდოვა მარეს", პარტია ამომრჩევლის მოსყიდვის, საზღვარგარეთიდან ფარული დაფინანსების მიღების და აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებულ „შენიღბულ საარჩევნო ბლოკში“ მისი მონაწილეობის მოტივით დაიბლოკა.
კვირას დაგეგმილი არჩევნები გადამწყვეტ მოვლენად ითვლება მოლდოვასთვის, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო 2022 წელს, საქართველოსთან ერთად გახდა. ადგილობრივების შეფასებით, შედეგები გადაწყვეტს, გააგრძელებს ქვეყანა პროევროპულ გზას, თუ ისევ მოსკოვის გავლენის სფეროსკენ დაიძვრება.




























