მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოლდოვის პარლამენტმა დსთ-დან საბოლოო გასვლას მხარი დაუჭირა

დსტ

დღეს მოლდოვის პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნის შესახებ შეთანხმების, ასევე ორგანიზაციის ოქმისა და წესდების დენონსაცია. ამით დსთ-ს წესდებით გათვალისწინებული ორგანოებიდან მოლდოვის საბოლოო გამოსვლა აღინიშნა.

გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით იქნა მიღებული, რომელიც აცხადებს, რომ დსთ-ს ძირითადი ღირებულებები და პრინციპები, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის საკითხებში, აღარ არის დაცული. ხელისუფლება მიუთითებს რუსეთის ფედერაციის ქმედებებზე რეგიონში, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომსა და მოლდოვის ტერიტორიაზე უკანონო სამხედრო წარმომადგენლობაზე.

დოკუმენტს მხარი პარლამენტართა უმრავლესობამ დაუჭირა, რითაც დსთ-ს ძირითადი სტრუქტურებიდან მოლდოვის გამოსვლა დამტკიცდა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება არის ბუნებრივი ნაბიჯი ქვეყნის ევროპული კურსისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის კონტექსტში.

დსთ-ს შექმნის შესახებ შეთანხმებას 1991 წლის დეკემბერში 11-მა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ, მათ შორის მოლდოვამ, მოაწერა ხელი. მისი მიზანი სსრკ-ის არსებობის დასრულების დადასტურება და რეგიონული თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნა იყო.

დენონსაციის შემდეგ მოლდოვა ყოველწლიურად დაახლოებით 3.1 მილიონ მოლდოვურ ლეის (დაახლ. $176 000) დაზოგავს - თანხას, რომელიც დსთ-ს ბიუჯეტში მიემართებოდა. წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გაგრძელდება, და ქვეყანა კვლავ დარჩება ზოგიერთი შეთანხმების (განსაკუთრებით ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში) მხარედ.

კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესის ფარგლებში, დღემდე მოლდოვამ დსთ-სთან არსებული 70-მდე შეთანხმების დენონსაცია მოახდინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები