"რატომ უნდა გაიხსნას სამთო სათხილამურო კურორტი გუდაური?" - ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც პირველ რიგში, 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში ჩავარდნილ ზამთრის სათხილამურო სეზონზე საუბრობს და იმ არგუმენტებს აყალიბებს, რის გამოც გუდაურისთვის აქტიური სათხილამურო სეზონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„გასული ზამთრის სეზონი გუდაურისთვის აბსოლუტურად წარუმატებელი აღმოჩნდა. საახალწლოდ დამსვენებლებით გადავსებულ კურორტზე, საახალწლო ხალისი და განწყობა მთლიანად შეიწირა წყლის მიწოდების შეწყვეტამ; გუდაურის დიდ ნაწილში, სამწუხაროდ, პრობლემა ვერ გამოსწორდა მოკლე დროში და დამსვენებლებმა დაიწყეს გუდაურის დატოვება, რაც ნიშნავდა არსებული ჯავშნების გაუქმებას და საკმაოდ მძიმე, დაუგეგმავ ფინანსურ ზარალს ადგილობრივი ბიზნესებისთვის;
შობა-ახალი წლის პერიოდი, გუდაურში არსებული ნებისმიერი საქმიანობისთვის, არის ყველაზე შემოსავლიანი ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების უპრეცენდენტო მაღალი რაოდენობის გამო, სასტუმროები სრულად იჯავშნება, რაც შესაბამისს გავლენასს ახდენს ფასზე და ხშირ შემთხვევაში ღამისთევის ღირებულება როგორც წესი ორმაგდება. ამიტომაც აღნიშნული პერიოდი არის უმნიშვნელოვანესი და მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია საგრძნობი შემოსავლების აკუმულირება იქ არსებული საქმიანი წრეებისთვის;
წყლის მიწოდების შეფერხებას დაემატა თოვლის სიმცირეც, მაგრამ მარტში უხვი ნალექი მაინც მოვიდა თოვლის სახით. სამწუხაროდ, კოვიდის 1 შემთხვევის დაფიქსირების გამო, მთავრობამ მიიღო აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილება და სამთო სათხილამურო კურორტები მთლიანად ჩაკეტა ქვეყნის მასშტაბით. სინამდვილეში თოვლის ნალექის რაოდენობა და კლიმატური პირობები საშუალებს იძლეოდა, რომ გუდაურს ემუშავა აპრილის თვეშიც, რაც ბოლო წლების გამოცდილებას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ სათხილამურო სეზონისთვის ეს იქნებოდა ერთ ერთი გამორჩეული წელი მისი ხანგრძლივობის გამო;
წლევანდელი წელი აგრძელებს ჩვენს გაკვირვებას, პირველი თოვლი გუდაურში მოვიდა ნოემბრის თვეში, ხოლო დღეის მდგომარეობით, თოვლის საფარი კურორტზე არის სავსებით საკმარისი იმისთვის, რომ სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნას. ანალოგიური მდგომარეობა გუდაურში თოვლის რაოდენობის მხრივ მრავალი წელია არ გვქონია. ჩავარდნილი გასული ზამთრის და სრულად გაჩერებული ზაფხულის სეზონების ფონზე, ახლა გვაქვს უნიკალური შანსი კურორტის ამუშავების და იქ არსებული მომაკვდავი ბიზნესებისთვის და ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის გარკვეული შემოსავლის მიღების და მძიმე ზამთრის ნაკლები დანაკარგებით გადატანის“, - წერს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი.
ცოტნე ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ „კურორტი აუცილებლად უნდა გაიხსნას!“. სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ კოვიდ უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით კურორტის გახსნა სავსებით შესაძლებელია და მთავრობას ამ რეკომენდაციებს სთავაზობს:
„კლიმატური პირობების გათვალისწინებით, რეგულაციების გარეშეც, მოთხილამურეები სრულად არიან აღჭურვილები პირადი დამცავი საშუალებებით: ნიღაბი, სათვალე, ხელთათმანი, ქუდი და რამდენიმე ფენა თბილი ტანსაცმელი;
არსებულ საბაგიროებზე მოხდეს შეზღუდული რაოდენობის სტუმრების დაშვება. ეს სავსებით შესაძლებელია იმის ფონზე, როცა კურორტზე ადგილობრივი დამსვენებლები ყოველთვის ვიყავით უმცირესობაში და უხეში გათვლებით წარმოვადგენდით მაქსიმუმ იქ მყოფი ხალხის მესამედს. ჩაკეტილი საზღვრების და საერთაშორისო ფრენების არ არსებობის გამო, კურორტი ვერ გადაიტვირთება, რაც თავის თავად გამორიცხავს ბევრი ხალხის კონცენტრირებას ერთ ადგილზე. საბაგიროს სავარძლებზე და გონდოლაში 2 კაცზე მეტის ჩასხდომა შეიზღუდოს იმ შემთხვევაში თუ დამსვენებლები არ არიან ერთად;
კურორტზე არსებული რესტორნების და კაფეების უმრავლესობას აქვს გარე სივრცეები, მომხმარებლის მომსახურება დაშვებულ იქნას მხოლოდ ამ ტერიტორიებზე. დახურული სივრცეები სრულად დაიხუროს იქ მყოფი სტუმრებისთვის, იმუშავებს გატანის სერვისი და ღია სივრცეში არსებული მაგიდები, რა თქმა უნდა, შესაბამისი დისტანციის დაცვით;
საბაგიროს აბონიმენტების გაყიდვა მოხდეს მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, რათა თავიდან ავიცილოთ რიგები და ხალხის შეკრება სალაროებთან;
მოწესრიგდეს კუროტზე არსებული სველი წერტილები სანიტარული და ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით;
მოხდეს კობი-გუდაურის დამაკავშირებელი საბაგიროს სრული დატვირთვით ამუშავება და სამუშაო საათების მკაცრად განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს დაბა სტეფანწმინდაში არსებული სასტუმროების და რესტორნების ამუშავებას, მთლიანად ჩავარდნილი ზამთრის და შემდეგ ზაფხულის ტურისტული სეზონის ფონზე, საგრძნობლად დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობის გაუსაძლის ფინანსურ მდგომარეობას;
ცხოვრების ჯანსაღი წესი, სუფთა ჰაერი, სპორტული აქტივობები და უბრალოდ გარემოს გამოცვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კოვიდ ეპოქაში. გახსენით გუდაური!
შეხსენებისთვის: რუსეთი ოკუპანტია!“, - წერს „ტრეფიკ თრეველის“ მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.