მსხვილი ბრიტანული ბანკის, Standard Chartered-ის პროგნოზით, მომავალი წლის ბოლომდე ბიტკოინის ფასი 200,000 დოლარს მიაღწევს, ანუ კრიპტოაქტივის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 920 მილიარდი დოლარი გახდება.
თუკი ეს პროგნოზი გამართლდება, მაშინ ბიტკოინის ღირებულება ამჟამინდელი ნიშნულიდან დაახლოებით 335%-ით გაიზრდება.
პროგნოზის გაკეთებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანალიტიკოსები გლობალურ მონეტარულ პოლიტიკას ანიჭებენ. თუკი ამერიკის ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკები რეფინანსირების განაკვეთების შემცირებას დაიწყებენ, მაშინ კრიპტობირჟის აღმასვლის პროცესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება.
ბიტკოინის გაძვირების მთავარ ფუნდამენტურ მიზეზად, რა თქმა უნდა, ჰალვინგი სახელდება, ანუ მოვლენა, რომლის შემდეგაც ბიტკოინის გამომუშავება განახევრდება, ბაზარზე ახალი ბიტკოინის მიწოდება კი შეიზღუდება.
მომდევნო ჰალვინგი 2024 წლის აპრილშია დაგეგმილი, ამის შემდეგ კი ანალიტიკოსები კრიპტოაქტივების მკვეთრ გაძვირებას პროგნოზირებენ. ისტორიულად, ბიტკოინის ფასი ჰალვინგის შემდეგ ყოველთვის დრამატულად იზრდება.