ავიაკომპანიების გლობალურმა სავაჭრო ასოციაცია IATA-ს ცნობით, საავიაციო სექტორი 2026 წელს რეკორდულ, $41 მილიარდი დოლარის წმინდა მოგებას დააფიქსირებს - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
IATA 2025 წელს მოსალოდნელ $39.5 მილიარდი დოლარის მოგებასთან შედარებით ზრდას პროგნოზირებს მიუხედავად მიწოდების ჯაჭვში არსებული მიმდინარე პრობლემებისა, რაც თვითმფრინავების მიწოდების შენელებასა და უფრო ენერგოეფექტური თვითმფრინავების ექსპლუატაციაში გაშვების შეფერხებას იწვევს.
ასოციაციის ინფორმაციითვე, სექტორში წმინდა მოგების მარჟა სტაბილურ, 3.9%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება.
პროგნოზების მიხედვით, ინდუსტრიის მთლიანი შემოსავლები გადააჭარბებს ტრილიონი დოლარის ნიშნულს და 2026 წელს სავარაუდოდ 1.053 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 4.5%-ით მეტია. ეს ოპტიმიზმი განპირობებულია საჰაერო მგზავრობაზე ძლიერი მოთხოვნით; IATA ვარაუდობს, რომ მგზავრთა რაოდენობა 2026 წელს ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე, 5.2 მილიარდამდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავების წამყვან მწარმოებლებს, Airbus-სა და Boeing-ს ბოლო წლებში ავიაკომპანიებისთვის მიწოდების შეფერხებებთან გამკლავება მოუწიათ. თავის მხრივ კი ავიაკომპანიები აცხადებენ, რომ ახალი, უფრო ეფექტიანი თვითმფრინავების გარეშე, ისინი, მგზავრთა ნაკადის ზრდის პარალელურად, საწვავის ხარჯების შემცირებას ვერ შეძლებენ.
მიუხედავად ამისა, IATA მომავალ წელს ოპტიმისტურად უყურებს და განსაკუთრებით გამოყოფს ევროპას, რომელიც აშშ-ს უსწრებს, როგორც რეგიონი, სადაც ერთ მგზავრზე მიღებული მოგება ყველაზე მაღალია.




























