კომპანია „არქი“ მომავალ წელს ახალ პროექტებში დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა BM.GE-სთან განაცხადა, საუბარია როგორც ამერიკის, ისე საქართველოს ბაზარზე განსახორციელებელ პროექტებზე.
როგორც ცნობილია, „არქი“ ამერიკაში, კერძოდ მაიამის დეველოპერულ ბაზარზე შედის, სადაც მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. შიო ხეცურიანის თქმით, მხოლოდ აღნიშნულ პროექტში 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
„2023 წელი წარმატებული წელი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ჩვენი კომპანიისთვის. მნიშვნელოვანი ზრდა არ იყო ჩვენს სექტორში მიმდინარე წელს, მაგრამ მცირე ზრდა გვქონდა. დაახლოებით 5%-ით გაიზარდა ჩვენი ბრუნვა, ასევე ტრანზაქციები გაყიდვების მხრივ.
გამორჩეული, რაც 2023 წელს „არქისთვის“ მოხდა ისაა, რომ ამერიკის ბაზარზე, მაიამიში ვიწყებთ პროექტს. ასევე კარგი და ახალი პროდუქტი შევქმენით, რომელსაც ვიწყებთ უნივერსიტეტის ქუჩაზე. გეოგრაფიას ვაფართოებთ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით.
მომავალ წელს ვგეგმავთ შევიდეთ რუსთავში, სიონში, კახეთში და ასევე ქობულეთში ვიწყებთ საკმაოდ მასშტაბურ პროექტს. რა თქმა უნდა თბილისის ყველა უბანში ვართ წარმოდგენილები და კიდევ გავაგრძელებთ განვითარებას.
მხოლოდ მაიამის პროექტში დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ჯამურად წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას 100 მილიონ დოლარამდე არის გეგმა, რომ ახალ პროექტებში ჩაიდება“, - აცხადებს შიო ხეცურიანი.
შეგახსენებთ, „არქი“ 60-ზე მეტ დასრულებულ და მიმდინარე პროექტს აერთიანებს თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში. „არქელების“ რაოდენობა კი 30 000-ს აჭარბებს.