მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა 3 საათში იქნება შესაძლებელი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რიკოთის გზის, დამატებითი, 12 კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რიკოთთან ერთად, ეტაპობრივად დასრულდება ყველა მიმდინარე მონაკვეთის მშენებლობას და მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე მაქსიმუმ 3 საათში იქნება შესაძლებელი.
„ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარება აქტიურად გრძელდება და დღეს, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კმ მაგისტრალური გზით. მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში გავხსენით 86 კმ მაგისტრალური გზა. ეს უკვე შეესატყვისება იმ გზების საერთო სიგრძეს, რომლებიც მთლიანად იყო აშენებული 2012 წლამდე.
რიკოთთან ერთად, ეტაპობრივად დავასრულებთ ყველა მიმდინარე მონაკვეთის მშენებლობას და მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე სრულად მაქსიმუმ 3 საათში იქნება შესაძლებელი. დავიწყებთ ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობას, რითაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან კავშირი მაგისტრალური გზით იქნება შესაძლებელი.
მაგისტრალური გზების მშენებლობაში ძალიან დიდია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და მათ მინდა, მადლობა გადავუხადო. უშუალოდ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაში, პროექტის დაგეგმვის ეტაპიდან მონაწილეობენ - ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი. მადლობა თითოეულ მათგანს მრავალწლიანი თანამშრომლობისა და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.