სანელებლების მწარმოებელი კომპანია Waime Spices მომავალ წელს უნგრეთში ონლაინ მაღაზიის გახსნას გეგმავს, რომელიც ევროპული ბაზრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი გოგიამ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე ცნობით, კომპანია წლიურად 5 ტონამდე ქართულ სანელებელს აწარმოებს, საიდანაც 20% ექსპორტზე უნგრეთის გავლით გააქვს. უნგრეთში Waime Spices-ს პატარა მაღაზია და მიკრო საწარმო აქვს, სადაც საქართველოდან სანელებლები ტრანსპორტირება, შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნები მარაგდება.
გოგია საუბრობს, რომ ონლაინ მაღაზია საქართველოში უკვე აქვთ და წარმატებით მუშაობს. ახლა კი გადაწყვიტეს, რომ უფრო ფართო მასშტაბებზე გავიდნენ და ონლაინ მაღაზია უნგრეთშიც გახსნან.
„ჩვენი წლიური წარმადობა დაახლოებით 5 ტონაა. ნედლეულის საერთაშორისო ბაზრებიდან, ინდოეთიდან და ინდონეზიიდან შემოგვაქვს, თუმცა პროდუქციის დიდ ნაწილს ადგილობრივ ბაზარზეც ვყიდულობთ.
ექსპორტს ძირითადად უნგრეთიდან ვაგზავნით. იქ გვაქვს საწყობი, საიდანაც პროდუქციას სხვადასხვა ქვეყნებს ვაწვდით. წელს, ჩვენი პროდუქციის 20% ექსპორტზე მოდის. 2024-ში პროდუქციის გატანაზე ნაკლებად ვიყავით ორიენტირებული. გვინდოდა საერთაშორისო ბაზრებზე ურთიერთობების გამტკიცება და ახალ პროდუქტებზე დავიწყეთ მუშაობა. გვინდა, რომ საერთაშორისო ბაზარზე არა მხოლოდ მაღაზიით, არამედ სანელებლების დისტრიბუციის სახით ვიყოთ წარმოდგენილი. ამასთან, უფრო ღრმად შევიდეთ ბაზარზე“, - ამბობს გოგია.
აღსანიშნავია, რომ Waime Spices-ის სანელებლები ევროპულ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. განვითარების კვალდაკვალ, წარმადობა შარშანდელთან შედარებით კომპანიამ 20%-ით გაზარდა.
ცნობისთვის, Waime Spices ყოველთვიურად 450 კგ სანელებელს ყიდის, სადაც 50% საქართველოშია წარმოებული, 50% კი იმპორტირებული. კომპანიას ადგილობრივი ბაზრის გარდა, სანელებელი აზერბაიჯანსა და უნგრეთში გააქვს.