მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მომავალ წელს ყურძნის ახალი ფასი გაჩნდება“ - ლევან მეხუზლა მევენახეებს მიმართავს

რთველი 2024

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, მომავალ წელს ყურძნის ახალი ფასი გაჩნდება და 17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძენი გაცილებით იაფად ჩაბარდება.

ლევან მეხუზლა მევენახე ფერმერებს მიმართავს და ურჩევს ყურადღება არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე გაამახვილონ.

„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის რთველის დროს იყო ორი განსხვავებული ფასი, მაინც რჩებიან მევენახეები, რომლებიც ცდილობენ აქცენტი რაოდენობაზე გააკეთონ და არა კონდიციურობაზე და ხარისხზე. იყო შემთხვევები, როდესაც ბარდებოდა ძალიან დაბალკონდიციური ყურძენი, მაგალითად 15-16%, რომელიც სპირტის დასამზადებლადაც მიუღებელია. ამიტომ, მომავალ წელს გაჩნდება ახალი ფასი - ყურძენი, რომელიც იქნება 17%-ზე დაბალი შაქრიანობის, ჩაბარდება გაცილებით იაფად. ყველა მევენახეს მინდა ვურჩიო და ვთხოვო, მაქსიმალური აქცენტი გააკეთონ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. საქართველოს პირობებში ადვილად მისაღწევია ყურძნის 17%-იანი შაქრიანობა“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს კახეთის რეგიონში ღვინის საწარმოებზე სუბსიდია აღარ გაიცა. ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.

რაჭის რეგიონში, კერძო სექტორის სტიმულირების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. სუბსიდიის მიმღებია ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები იღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

მიმდინარე წელს, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში გადამუშავებული 336 ათასამდე ტონა ყურძენი ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული მაჩვენებელია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22 ათასამდე მევენახე ფერმერმა დააბინავა. მევენახეების შემოსავალმა 475 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში 500-ზე მეტი ღვინის საწარმო იყო ჩართული.

2025 წლის რთველის დაფინანსება მთავრობას რეკორდულად ძვირი 220 მილიონი ლარი დაუჯდა, ამას ითვალისწებს მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი, რომლის თანახმადაც ამ მიმართულებით პირვანდელ გეგმასთან შედარებით 160 მილიონი ლარით მეტის, 220 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

რაც შეეხება მოცულობას, ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ოქტომბრის ბოლოსთვის საქართველოს მევენახეობის რეგიონებში რეკორდული რაოდენობის, 330 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 21 200-მა მევენახე ფერმერმა დააბინავა. გადამუშავებული ყურძნიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ყურძენი კერძო სექტორმა, დანარჩენი მოსავლის ნაწილი კი სახელმწიფომ შეიძინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები