საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა დაკარგული ოჯახის წევრების სტიქიის ზონაში შეყვანა ხვალ მოხდება.
"დღეს, პროზექტურაში 11 ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა. გარდა ამისა, დღეს პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა სტიქიის ზონაში. გავაცანით არსებული მდგომარეობა, დაიგეგმა მომავალი სამოქმედო გეგმა, რაც მდგომარეობს შემდეგში: ხვალ დილიდან თავდაცვის სამინისტროს 200 თანამშრომელი მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩაერთვება სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებში.
ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მძიმე ტექნიკის საშუალებით, მოხერხდა ლოკაციების გადალახვა, რომელიც აქამდე ვერ ხერხდებოდა. ხვალ დილიდან უფრო ფართო მასშტაბებით, დავიწყებთ ძებნა-შველის ღონისძიებებს.
დღეს შევხვდით იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებთანაც ჯერ კიდევ ვერ ხერხდება დაკავშირება. ჩვენ მათ დეტალურად მოვახსენეთ და განვუმარტეთ თუ რა სახის სამუშაოებს ვატარებთ. დღეს ფიზიკურად ვერ მოესწრო ოჯახის წევრების სტიქიის ზონაში შეყვანა და ჩვენ ამ ყველაფერს ხვალისთვის გავაკეთებთ, რათა მათ საკუთარი თვალით ნახონ თუ რა მდგომარეობაა.
ასევე, ვერტმფრენების რაოდენობა, ცოცხალი ძალის რაოდენობაც საკმარისზე მეტია. ხელს რაც გვიშლის არის მიწის დიდი მასა, რომელიც გადაადგილების საშუალებას არ გვაძლევს“,- განაცხადა მღებრიშვილმა.