მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მომავალი Trump Tower-ის მიმდებარედ, სოსო და ლევან ფხაკაძეების კომპანიამ კიდევ ერთი 41-სართულიანი შენობის ნებართვა მიიღო

თამარაშვილი ვან ცენტრალ პარკ ავენიუ

კომპანია "ვან ცენტრალ პარკმა", რომელიც ბიზნესმენების - სოსო და ლევან ფხაკაძეების მიერ არის დაფუძნებული თბილისის არქიტექტურის სამსახურისგან მიიღო შუალედური ნებართვა თამარაშვილის ქუჩა N13-ში მდებარედ არსებულ 9,645 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე 41-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობასთან დაკავშირებით. ნაგებობის სიმაღლე 157 მეტრი იქნება, ხოლო მისი მთლიანი ფართობი კი 66,232 კვადრატული მეტრი იქნება. შენობის 46,583 კვადრატული მეტრი იქნება საცხოვრებელი ზონა, ხოლო 24,572 კვადრატული მეტრი კი კომერციულ ზონას დაეთმობა. ობიექტი სულ 484 ბინას გააერთიანებს.

"შენობის -1 სართულზე განთავსებულია აუტო შოურუმი და დამხმარე ფართები, 1-სა და 2-ე სართულზე განთავსებულია, სავაჭრო კომერციული, და დამხმარე ფართები. მე-3-ე დან მე-6-ე სართულის ჩათვლით დაგეგმარებულია ღია ავტოსადგომები. 7 სართულზე მოწყობილია სპორტულ გამაჯანსაღებელი სივრცე, აუზი, სპორტული დარბაზი ლაუნჯის სივრცე და ღია ტერასა. ხოლო მე-8 დან 41-ე სართულის ჩათვლით დაგეგმარებულია საცხოვრებელი ბინები. შენობას აქვს 3 კიბის უჯრედი, საიდანაც 2 შენობას ემსახურება ‐1 სართულიდან 41 სართულამდე ხოლო 1 კიბის უჯრედი, რომელიც აკავშირებს -1-დან მე-7-ე სართულის ჩათვლით

შენობაში სულ 484 ბინა და 293 საპარკინგე ადგილია, ავტოსადგომების რაოდენობა დაანგარიშებულია საცხკოვრებელი კ-2 კოეფიციენტის ყოველ 150 კვ,მ ზე 1 ავტომანქანის ოდენობით,"- ნათქვამია პროექტის აღწერაში, რომელიც არქიტექტურული ბიურო Dot-ის მიერ არის მომზადებული.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სოსო და ლევან ფხაკაძეების კომპანია "ცენტრალ პარკ ავენიუ", რომელიც ასევე "ვან ცენტრალ პარკის" მფლობელია თამარაშვილის N13-ში, იპოდრომთან არსებულ უფრო მსხვილ 66,940 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე გეგმავს კიდევ ექვსი ნაგებობის და მათ შორის Trump Tower-ის მშენებლობას, რომელიც თბილისში ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება და მას 70 სართული (259 მეტრი) ექნება. განსხვავებით 9,645 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთისა, მის მიმდებარედ არსებული 66,940 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ჯერჯერობით ისევ "ქართუ ფონდის" საკუთრებაშია და "ცენტრალ პარკ ავენიუ" მიწის მომავალ მესაკუთრედ არის მითითებული, თუმცა უცნობია თუ როდის მოხდება ინვესტორისთვის "ქართუ ფონდის" მიერ ამ მიწის ნაკვეთის გადაცემა.

რაც შეეხება 9 645 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს, სადაც 41-სართულიანი ნაგებობა უნდა აშენდეს ის "ვან ცენტრალ პარკს" 2025 წელს გადაეცა და ინვესტორებმა აღნიშნული მიწის უზრუნველყოფით პროექტის განსახორციელებელი საბანკო სესხი უკვე მიიღეს. უფრო ვრცლად, Trump Tower-ის პროექტის შესახებ იხილეთ სტატიაში.

თამარაშვილის ქუჩაზე 41-სართულიანი ნაგებობის რენდერები:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები