საქართველოში 70-სართულიანი Trump Tower-ის მშენებლობა იგეგმება მიწაზე, რომელიც ჯერჯერობით კიდევ "ქართუ ფონდის" საკუთრებაშია. პროექტის დეველოპერია კომპანია "ცენტრალ პარკ ავენიუ", რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, თამარაშვილის N13-ში არსებული 66,940 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის მომავალ მესაკუთრედ არის მითითებული.
შესაბამისი შეთანხმება 2023 წლის ოქტომბერში გაფორმდა, თუმცა ამ დრომდე "ცენტრალ პარკ ავენიუსთვის" მიწის გადაცემა არ მომხდარა და მისი მესაკუთრე კვლავ საქველმოქმედო ფონდი "ქართუა".
2023 წელს გაფორმებული შეთანხმება მოიცავდა 80,145 კვადრატული მეტრის ორ მიწის ნაკვეთს, საიდანაც 9 645 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი გადაეცა "ვან ცენტრალ პარკს". ცნობისთვის, ამ კომპანიამ აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2025 წლის დეკემბერში "საქართველოს ბანკის" იპოთეკით დატვირთა.
თუმცა უფრო დიდი მიწის ნაკვეთი, რომელზეც Trump Tower-ი უნდა აშენდეს, 66,940 კვადრატულ მეტრს მოიცავს ამ დროისთვის კვლავ "ქართუ ფონდის" საკუთრებაშია და მისი დეველოპერული კომპანიისთვის გადაცემა ჯერ არ მომხდარა.
პროექტის ძირითადი დეველოპერები არიან - Biographi Living-ი და "არქი ჯგუფი". პროექტის განვითარებაში ასევე ჩართულია Sapir Organization-ი, რომელიც ქართული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენის თამირ საპირის (თემურ სეფიაშვილის) მიერ არის დაფუძნებული. ასევე პროექტში ჩართულია "ბლოქს ჯგუფი" და Finvest Georgia.
Trump Organization-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცათამბჯენს ამერიკული არქიტექტურული ბიურო Gensler-ი დააპროექტებს.
თავდაპირველად ამ ცათამბჯენის მშენებლობას დამოუკიდებლად Biographi Living-ი გეგმავდა. 2024 წლის აპრილში მოხდა პროექტის საკრებულოსთვის შეთანხმება, მაშინ გამოქვეყნებული წინასწარი პროექტის თანახმად, უნდა აშენებულიყო 7 ცათამბჯენი, რომელთაგან ყველაზე მაღალი 79-სართულიანი უნდა ყოფილიყო და მისი სიმაღლე 259 მეტრი იქნებოდა. 2024 წლის ივნისში საკრებულომ გრგ-ს მხარი დაუჭირა. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცათამბჯენების დაპროექტებაზე Champan Taylor-ი იმუშავებდა, თუმცა უკვე ახლა გავრცელებული განცხადების თანახმად, ცათამბჯენის პროექტზე ამერიკული ბიურო Gensler-ი იმუშავებს.
ამასთან, 2025 წლის ოქტომბერში თბილისის არქიტექტურის სამსახურს Biographi Living-მა წარუდგინა ამ შვიდი ცათამბჯენიდან ერთ-ერთის - 110-მეტრიანი შენობის პროექტი, რომელზედაც შუალედური სამშენებლო ნებართვა უკვე გაცემულია. ხოლო დანარჩენი ობიექტების - მათ შორის უშუალოდ Trump Tower-ის პროექტის თბილისის არქიტექტურის სამსახურისთვის წარდგენა არ მომხდარა. ასევე როგორც უკვე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ცათამბჯენი იქნება დაახლოებით 70-სართულიანი, მაშინ როდესაც თავდაპირველი პროექტით მას 79 სართული უნდა ჰქონოდა.
შესაბამისად, ამჟამად მიწა არის "ქართუ ფონდის" საკუთრებაში, ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანიაა "ცენტრალ პარკ ავენიუ", რომლის მესაკუთრეთა ცვლილების შესახებ საჯარო რეესტრში განცხადება 16 აპრილს დარეგისტრირდა. აქამდე კომპანიის 100%-ის მესაკუთრე იყო შპს "იდეა", რომლის 40%-40%-იანი წილის მესაკუთრეები არიან ბიზნესმენები სოსო და ლევან ფხაკაძეები, 20%-ის მფლობელი კი ვასილ ფხაკაძეა. 2026 წლის 16 აპრილს წარდგენილი განაცხადის თანახმად, "ცენტრალ პარკ ავენიუში" შპს "იდეას" წილი მცირდება 50%-მდე, ხოლო მეორე 50%-ის მფლობელი გახდება სააქციო საზოგადოება "ცენტრალ პარკ ინვესთმენთსი", რომელიც 2026 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანიაა. ჯერჯერობით, აღნიშნული კომპანიის ერთადერთი აქციონერი და დირექტორი არის ლუკა ლაფანიშვილი. ამ დროისთვის აღნიშნულ პროექტში სხვა აქციონერების ჩართულობა არ ფიქსირდება.




























