ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გაზრდილი მოსაკრებელი, განცალკევებული დარბაზი "მონა ლიზასთვის" და განახლებული მთავარი შემოსასვლელი - ეს ის ცვლილებებია, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, 28 იანვარს ლუვრის მუზეუმის რესტავრაციასთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე დააანონსა.
საქმე ისაა, რომ გასულ კვირას ლუვრის პრეზიდენტმა, ლორენს დე ქარსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მუზეუმის ინფრასტრუქტურა გაცვეთილია და საფრთხეს უქმნის ძვირფას ნამუშევრებს.
ემანუელ მაკრონმა ლუვრში პარიზის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსშესანიშნაობის აღდგენის მრავალწლიანი გეგმა წარადგინა, სახელწოდებით "ახალი რენესანსი". გეგმის თანახმად, მომდევნო ათი წლის განმავლობაში ლუვრის აღსადგენად 700-დან 800 მილიონამდე ევრო დაიხარჯება, საიდანაც მხოლოდ "მცირე ნაწილი" იქნება გადასახადების გადამხდელების მიერ დაფინანსებული.
მაკრონის ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატივა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2026 წლის იანვრიდან ლუვრის ბილეთების გაძვირებაა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რამდენად გაძვირდება ევროკავშირის არამოქალაქეებისთვის ლუვრის დათვალიერება, მაკრონის ადმინისტრაციამ მედიასთან დაადასტურა, რომ განიხილება ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის საფასო პოლიტიკის გამეორება. გაზრდილი მოსაკრებლიდან მიღებული ფინანსები მუზეუმის სარესტავრაციო ფონდს მოხმარდება.
The Met-ის ვებგვერდის თანახმად, ამჟამად ხელოვნების მუზეუმის ბილეთებს ნიუ-იორკის შტატის რეზიდენტებისთვის და ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და კონექტიკუტის შტატებში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის განსაზღვრული ფასი არ აქვს და მათ შეუძლიათ, სასურველი ღირებულება, მინიმუმ $0.01 გადაიხადონ. სხვა შემთხვევაში კი ბილეთის ფასი კატეგორიების მიხედვით განსხვავდება და $30, $22, $17 ღირს, ან - უფასოა.
პრეზენტაციიდან ცნობილი გახდა, რომ ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზა" ცალკე დარბაზში განთავსდება და ლუვრის ვიზიტორებს მის დასათვალიერებლად დამატებითი ბილეთის შეძენაც მოუწევთ. ამჟამად "მონა ლიზა" მუზეუმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დარბაზშია გამოფენილი.
რაც შეეხება განახლებულ მთავარ შესასვლელს, ის ვიზიტორებისთვის მუზეუმის უკიდურეს აღმოსავლეთ ფლიგელში მოეწყობა და მიზნად რიგების განტვირთვას ისახავს. მაკრონის განცხადებით, ახალი შესასვლელის მშენებლობა 2030 წლისთვის დასრულდება.