საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მოსალოდნელ სიახლეებზე ისაუბრა.
მისი თქმით, დამამთავრებელ კლასებში იგეგმება „რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვა, რაც მოსწავლის ინტერესებსა და პროფესიულ არჩევანს დაეფუძნება.
„უახლოეს პერიოდში მუშაობას ვიწყებთ იმ სიახლეზე, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება, ეს არის „რეპეტიტორიუმი“. დამამთავრებელ კლასებში ახალგაზრდებს ვთავაზობთ, აირჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელთაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ. უნდა შევარჩიოთ პედაგოგები, გადავამზადოთ შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში სახელმძღვანელოები ყველა საგანში უნდა მოვამზადოთ“, - განაცხადა მიქანაძემ.
ამასთან, განათლების მინისტრმა კიდევ ერთი სიახლე დააანონსა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევით საგნებს იტალიური ენაც დაემატება.
გივი მიქანაძის განცხადებით, სამინისტრო ერთიან კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონს გააერთიანებს და შვიდ კანონში ცვლილებებს ჩაანაცვლებს.
„ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე წარვადგინოთ ეს ინიციატივა. იქ უკვე ბევრი მიმართულება იქნება ფორმულირებული, მათ შორის სადოქტორო, მესამე საფეხურთან მიმართებით.
მესამე საფეხურთან მიმართებით, შეიძლება წლის ბოლომდე უკვე გვქონდეს წარსადგენი გარკვეული ხედვა, რომელსაც აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ, შევათანხმებთ პოზიციებს და ამის შემდეგ მივცემთ მსვლელობას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
























