მომავალი წლიდან თვისებრივად უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, როგორი კონტრპროდუქტიული ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას მეორე მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.
„ჩვენთვის მთავარია სიმართლე რა არის. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ არაერთი ტყუილი მოვისმინეთ, სამწუხაროდ, იგივე მილერის მხრიდან და ეს ფაქტობრივი ტყუილიც დაგიდასტურეთ, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ [რუსულ] კანონზე“ პირდაპირ თქვა ტყუილი, რომ ამერიკაში, თითქოსდა, სხვანაირად იყო რაღაცები მოწესრიგებული. პირდაპირ, ფაქტობრივად ვამხილეთ მილერის ბრიფინგი ტყუილში, მაგრამ ჩვენ წარსულს არ ვუბრუნდებით. უსამართლობა და არა ჯანსაღი დამოკიდებულებები უნდა დარჩეს წარსულს. მომავალი წლიდან თვისებრივად უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს არჩევნები დასრულდება, ომიც დასრულდება უკრაინაში და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მთლიანად ურთიერთობების გადატვირთვაზე. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. როგორი კონტრპროდუქტიული ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას მეორე მხრიდან", - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა მოქმედი ელჩის დადებით როლს, პერსონალურად, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში.
„მინდა, ხაზი გავუსვა მოქმედი ელჩის დადებით როლს, განსხვავებით წინა ელჩისგან და იმედი გვაქვს, რომ გარკვეულ წვლილს შეიტანს, პერსონალურად, მოქმედი ელჩის როლი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში, მის პერსონალურ როლზე მაქვს საუბარი“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ურთიერთობების გადატვირთვას სჭირდება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომები.
„მნიშვნელოვანია, სიმართლე ითქვას იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა 2012 წლამდე ამ ქვეყანაში და რა ხდება დღეს, 12 წლის თავზე, როდესაც სისხლიანი, ავტორიტარული რეჟიმი ჩაანაცვლა „ქართული ოცნების“ დემოკრატიულმა მმართველობამ. ჩვენ გვაქვს დღეს დემოკრატიული ქვეყანა, ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი, იქნება ეს პოლიტიკური პლურალიზმი, მედიაპლურალიზმი, ადამიანის უფლებების დაცვა, ციხეებში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური პროგრესი თუ ა.შ ყველა მიმართულებით გვაქვს დრამატული, ფუნდამენტური პროგრესი. მანამდე იყო ხელისუფლება, რომელიც გარედან იყო დასმული, მათ პირობებში იყო სისხლიანი რეჟიმი, რომელიც პირდაპირ ქუჩაში კლავდა ადამიანებს. 150 კაცი მოკლეს მარტო ქუჩაში, 150 ახალგაზრდა. ციხეებში კლავდნენ და აწამებდნენ ადამიანებს, აუპატიურებდნენ მამაკაცებს პირდაპირ, მარტო ციხეებში კი არა, ციხეებს გარეთაც. ათასობით მარტო კომპაქტ-დისკი იპოვეს დამარხული კასრებში სამეგრელოში, სადაც ასახული იყო მამაკაცების გაუპატიურება, ადამიანების წამება, პირადი ცხოვრების ჩანაწერები და ა.შ. როცა ასეთ პირობებში ვიღაც გარედან ცდილობს, დააბრუნოს სისხლიანი რეჟიმი და დემოკრატიული მმართველობა მონათლოს არადემოკრატიულ მმართველობად, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს მკაფიო პასუხების გაცემა და ქართველ ხალხს მოუწევს მკაფიო პასუხების გაცემა“, - განაცხადა პრემიერმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.