მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომავალში, JPMorgan Chase-ი სუპერ აპად გარდაიქმნება - ჯეიმი დაიმონი

JPMorgan Chase

ბოლო წლებში, გლობალურად ერთი საინტერესო ტენდენცია ვითარდება: დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ფინანსურ სერვისებს ამატებენ, ანუ ფინტექ-კომპანიებად გარდაიქმნებიან, ხოლო ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას გადიან, ანუ ტექნოლოგიურ კომპანიებად ყალიბდებიან. თუმცა, საერთო ჯამში, ორივე ამ ტექნოლოგიას ფინანსურ-ტექნოლოგიურ ინდუსტრიამდე მივყავართ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა დღეს მსოფლიოში. სუპერ აპი ისეთ აპლიკაციას ნიშნავს, რომელიც ბევრ სხვადასხვა სერვისს აერთიანებს, ანუ ადამიანებს ამ სერვისებით სარგებლობის საშუალებას ერთი აპლიკაციიდან აძლევს. ამ ტენდენციის ნათელ მაგალითად ის რამდენიმე სუპერ აპი გამოდგება, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს, იქნება ეს ჩინური WeChat-ი, ყაზახური Kaspi.kz-ი თუ ქართული TNET-ი.

როგორც ჩანს, სწორედ ამ მიმართულებით განვითარებას ფიქრობს მსოფლიოს უდიდესი ბანკი, ამერიკული JPMorgan Chase-იც. როგორც ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, კომპანიის მომავალი, სწორედ სუპერ აპად გადაქცევაა, ხოლო თავად ეს პროცესი - ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე იქნება დაფუძნებული.

“ათი წლის წინ, საცალო გაყიდვების გუნდის წევრებს შევხვდი და ვუთხარი, თვითმფრინავში უნდა ჩასხდეთ და ჩინეთში წახვიდეთ-მეთქი, რაზედაც მკითხეს, რატომ, ჩვენ ხომ ამერიკელები ვართო. ვუთხარი, ჩინეთში წადით-მეთქი. Ping An-ის, Tencent-ის, WeChat-ისა და AliPay-ის ოფისებში მივიდნენ და აღმოაჩინეს, რომ თითოეულ ამ კომპანიას საკუთარი სუპერ აპი აქვს. ჩინეთიდან რომ დაბრუნდნენ, დავავალე, სუპერ აპების დიდი გრაფიკი შეედგინათ, ანუ ჩამოეთვალათ სერვისები, რომლებიც მათ აქვთ.

არა მგონია, ამერიკაში ერთი დიდი სუპერ აპი შეიქმნას. ვფიქრობ, ბევრი მინი-სუპერ აპი გაჩნდება. ჩვენთან, მაგალითად, ფულთან დაკავშირებული ბევრი ოპერაციის შესრულება შეგიძლიათ და ამიტომაცაა, ტურისტული სერვისები რომ დავნერგეთ, რადგან ეს ორი სფერო - ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მხოლოდ საკრედიტო ბარათს კი არ გაძლევთ, გვინდა კარგი სასტუმრო და კარგი რესტორანი შემოგთავაზოთ. ყველაფერი ეს, რასაც ვაკეთებთ ტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნება”, - განაცხადა ჯეიმი დაიმონმა Bloomberg-თან.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული JPMorgan Chase-ი მსოფლიოს უდიდესი ბანკია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $570 მილიარდს აღემატება, ანუ ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ჩამონათვალში ამერიკული ბანკი მე-14 ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები