აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, საქართველოს ისტორიული მიღწევა აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სახით და მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება, რომ ეს შესაძლებლობა რეალური გახდეს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ განცხადებაში, ბლინკენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველო წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით. ამასთან, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 32 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ურყევი ერთგულება საქართველოს დემოკრატიული, წარმატებული მომავლის მიმართ და იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების გასაძლიერებლად და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ.
ეს 12 თვე ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის, საქართველოს ისტორიული მიღწევა აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სახით. მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალური გახდეს. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისკენ მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველო წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით.
ქართველი ხალხისთვის ამ ღირსშესანიშნავ დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეების უმრავლესობას სურს და იმსახურებენ“,- აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.