მომდევნო წლებში, Accor-ი საქართველოში 15 სასტუმროს გახსნის, სადაც, ჯამში, სამი ათასი ნომერი მოეწყობა, - ამის შესახებ Accor-ის ახალი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის საოპერაციო დირექტორმა, ალექსის დელაროფმა BMG-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
“საქართველოში ახალი სასტუმროების გახსნას ვგეგმავთ და სავარაუდოდ, ახალი ბრენდებიც გამოჩნდება. Accor-ის პორტფელში დღეს ორმოცზე მეტი ბრენდი ერთიანდება, ასე რომ ახალ სასტუმროებს და ახალ ბრენდებს უნდა ელოდოთ. მომდევნო თვეებსა და წლებში თხუთმეტზე მეტი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, ანუ 3,000-ზე მეტ ნომერს გავხსნით. 2024-2025 წლებზე თუ ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ibis Ortachala, ibis Styles Old Town-ი, რომელიც შარდენზე გაიხსნება და ibis Styles-ის ბრენდის მეორე სასტუმრო იქნება. ბევრი სხვა სასტუმროს გახსნასაც ვგეგმავთ და ახალ ადგილებსაც ვაკვირდებით. ამ დროისთვის, უმეტესწილად, თბილისში ვოპერირებდით, მაგრამ სხვა ადგილებიც გვაინტერესებს. ძალიან მალე, პირველ სასტუმროს ბათუმში გავხსნით, სავარაუდოდ წელსვე და იმედი გვაქვს, რომ ივნისში, ანუ რამდენიმე კვირაში. Ibis-ის ბრენდის სასტუმროს აეროპორტშიც გავხსნით, ასე რომ ბევრი ახალი პროექტი გვაქვს.
ახალი ბრენდები, სავარაუდოდ, 2025 წელს გამოჩნდება. ბათუმში Handwritten-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება - ეს ბრენდი ოთხ- და ხუთვარსკვლავიან სასტუმროს აერთიანებს, რომელთაც ძალიან ლამაზი დიზაინი გამოარჩევთ. ბევრი მათგანი შენობის გარდაქმნას მოიაზრებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ახალ შენობას ვაშენებთ, რადგან საქართველოში ინფრასტრუქტურა იქმნება, რაც კარგია, რადგან ის მომდევნო ორმოცდაათი წლის განმავლობაში უპრობლემოდ იფუნქციონირებს. საკმაოდ ბევრი ახალი პროექტი გვაქვს - ქობულეთში, მაგალითად, Mövenpick-ის ბრენდის სასტუმროს გავხსნით, სავარაუდოდ 2025 წელს. ბევრი პროექტი გვაქვს და უფრო მეტს ველოდებით”, - განაცხადა ალექსის დელაროფმა BMG-სთან.
ფრანგული Accor-ი სასტუმროების მმართველი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქსელია, რომელიც მსოფლიოს 110 ქვეყანაში ოპერირებს, სადაც 5,500-ზე მეტ სასტუმროს და 10,000-ზე მეტ საკვებისა და სასმლის დაწესებულებას მართავს. საქართველოში Accor-ი პირველად 2015 წელს გამოჩნდა, ხოლო ახლა, Accor-ის ქართულ პორტფელში, 9 სასტუმროა, მათ შორის პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი Pullman-ი და Swissôtel-ი. Accor-ის აქციები პარიზის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი $10 მილიარდს აღემატება.