მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მომდევნო წლებში დიდი აქცენტი ბიზნესების მომსახურებაზე გაკეთდება" - როგორია TBC უზბეკეთის გეგმები?

ნიკა ქურდიანი

TBC უზბეკეთში აცხადებენ, რომ უახლოეს წლებში ფიზიკურ პირებთან ერთად მეტ აქცენტს გააკეთებენ იურიდიული პირების, მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაზე.

როგორც BMG-სთან ინტერვიუში “თიბისი უზბეკეთის” გენერალური დირექტორი ნიკა ქურდიანი აცხადებს, ამ მიმართულებით ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საცალო ვაჭრობის მართვის პლატფორმა BILLZ-ი იქნება, რომლის აქციებიც „თიბისიმ“ რამდენიმე თვის წინ იყიდა.

ციფრული ბანკი ასევე გეგმავს ახალი პროდუქტების დანერგვას ფიზიკური პირებისთვის. ამ დროისთვის TBC უზბეკეთის მომხმარებელთა რაოდენობა 22 მილიონს შეადგენს.

„პირველი ოთხი წელი ჩვენ სტრატეგიაში აქცენტი გვქონდა გაკეთებული ფიზიკური პირების მომსახურებაზე, ჩვენს მომხმარებლად უკვე 22 მილიონი ადამიანი დავარეგისტრირეთ. ყოველთვიურად ჩვენს სხვადასხვა პლატფორმებზე 6 მილიონზე მეტი ადამიანი შემოდის. ახლა ვიმატებთ OLX-ს, სადაც კიდევ 5 მილიონი ადამიანი შემოდის პლატფორმაზე. მომავალი ოთხი წელი, ჩემი აზრით, იქნება დახარჯული ფიზიკური პირების მიმართულების გაძლიერებაზე, თუმცა ასევე განსაკუთრებით დიდი აქცენტი გაკეთდება ბიზნესების მომსახურებაზე, მცირე და საშუალო, მიკრობიზნესებზე. კომპანია Billz-ის შესყიდვის მიზანი სწორედ ეს იყო. ეს პლატფორმა გამყიდველების პროცესების ავტომატიზაციას და გაციფრულებას ახდენს და გაყიდვაში ეხმარება. სტრატეგიულად ეს კომპანია იქნება ჩვენთვის, ასე რომ ვთქვათ, კომპანიის გული, იმიტომ, რომ არ შეიძლება შენ ორი ERP სისტემა გქონდეს, შეიძლება მხოლოდ ერთი და არ შეიძლება ორი ბუღალტერი გყავდეს ან ორი საბუღალტრო სისტემა, ოპერირებ ძირითადში ერთზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ სერვისებს მივაწვდით [ბიზნესს] და ამის გარშემო უკვე შევთავაზებთ ძალიან ბევრ რამეს. მათ შორის, მაგალითად, სხვადასხვა საგადახდო სერვისებს, რომელიც საქართველოში, რა თქმა უნდა, თიბისის აქვს ყველაფერი. აქ, მაგალითად, საქართველოსგან განსხვავებით, QR კოდით გადახდები ძალიან გავრცელებულია, რაშიც ჩვენ ერთ-ერთი ლიდერები ვართ და ამას კიდევ უფრო მასშტაბურს გავხდით.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ამ მიმართულებით ბევრ სიახლეს ვუშვებთ. მაგალითად, lifestyle მიმართულება გვაქვს ახლა გაშვებული, სადაც ივენთების ბილეთების გაყიდვა, ტურიზმის მომსახურება და მსგავსი [მომსახურებაა]. ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაფართოებას ვაპირებთ და ბევრი პროდუქტია, რომელიც ჯერ კიდევ გასაშვები გვაქვს.

მაგალითად, ავტოსესხი არის შემდეგი ძალიან დიდი პროექტი, რომელსაც ვაპირებთ, რომ გავაკეთო. დაახლოებით 400 000 ახალი მანქანა იყიდება ქვეყანაში ყოველ წელს. ეს მიმდინარე მონაცემებით და რა თქმა უნდა, ალბათ, გაიზრდება ეს რიცხვი. ასევე, უზრუნველყოფილი სესხები საერთოდ არა გვაქვს ახლა და აქაც დიდ პოტენციალს ვხედავთ. ბევრი სხვა მიმართულებაა, რომელიც ზოგადად მოგვცემს საშუალებას, რომ მომხმარებელს დილიდან საღამომდე, რაც შეიძლება მეტად შევეხოთ, ჩვენს ეკოსისტემაში რაც შეიძლება მეტად მოვახვედროთ და შევძლოთ მისი ცხოვრების გამარტივება, ეს არის ჩვენი მისია“, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები