მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე რჩებიან, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს - ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა

აქცია

თავისუფლების მოედანზე, სადაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, სპეცტექნიკაც გამოჩნდა.

ადგილზე შსს-ს მიერ ახლად შეძენილი წყლის ჭავლის მანქანები მიიყვანეს.

თავის მხრივ, მომიტინგეები, რომლებმაც ღამე პარლამენტთან გაათენეს, ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე რჩებიან. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე გაშლილია კარვები.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში მხოლოდ რუსთაველის გამზირზე დგანან, პარლამენტის სხვა შესასვლელები კი მომიტინგეებისგან თავისუფალია. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან მხოლოდ პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავებს 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე კორდონი აქვთ გაკეთებული.

პარლამენტის შესასვლელების გარდა, საპოლიციო ძალები თავისუფლების მოედანზეც არიან განლაგებული, სადაც შსს-ს სპეც ტექნიკაც არის მობილიზებული.

როგორც ცნობილია, დღეს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაა დაგეგმილი. აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიები ახალარჩეულ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები