საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ფასდაკლებების პერიოდში მარაგების სწორად მართვის და ინფორმაციის დროულად მიწოდების სტანდარტი დაადგინა.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალ სტანდარტს საფუძვლად შპს „ნოვასთან" დაკავშირებული შემთხვევა დაედო.
კერძოდ, GCCA-ის მიერ საკითხის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ სპეციალური შეთავაზებების/ფასდაკლებების პერიოდში, შპს „ნოვამ“ საქონლის მარაგები დროულად არ გადაამოწმა, ასევე, ვებგვერდზე საქონლის ხელმისაწვდომობის შესახებ სწორი და მკაფიო ინფორმაცია არ განათავსა, რის შედეგადაც, მომხმარებელმა მარაგის ამოწურვის შესახებ ინფორმაცია სპეციალური შეთავაზებების დასრულების შემდგომ გაიგო და ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა შეეზღუდა. შესაბამისად, სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოების სექტორში, შპს „ნოვას“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის - უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. კომპანიას 1 თვის ვადა განესაზღვრა, რათა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი აღმოფხვრას.
სააგენტოს პოზიციით, მოვაჭრე ვალდებულია, სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლამდე, ფასდაკლების შეთავაზების პერიოდში, უზრუნველყოს მარაგების შესახებ ინფორმაციის დროული განახლება და მკაფიოდ, არაორაზროვნად მიწოდება.
ახალი სტანდარტის თანახმად: იმ შემთხვევაში თუ - აღნიშნული ინფორმაციის დროული განახლება ვერ ხორციელდება, მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს ალტერნატიული, იმავე კატეგორიის საქონლის (არსებობის შემთხვევაში) ფასდაკლებით შეთავაზება, რომლითაც მომხმარებელს შეკვეთის განთავსების დღეს შეეძლო ესარგებლა. თუ ფასდაკლების პერიოდის განმავლობაში მომხმარებელმა უკვე განათავსა შეკვეთა და განახორციელა შესყიდვა, ის არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ მოვაჭრემ მარაგები არასწორად მართა.