მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მომხმარებელთა უფლებების დარღვევის არდადასტურების გადაწყვეტილება თითზე ჩამოსათვლელი გვაქვს" - კონკურენციის სააგენტო

მარიამ შაიმშელაშვილი

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 360 განაცხადი შევიდა, საიდანაც 209 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 

კონკურენციის სააგენტოს ცნობითვე, 10 თვის განმავლობაში სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 100 საქმეზე 64 შეთანხმება გააფორმა. ეს ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხზე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა მარიამ შაიშმელაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა

"შემოსული ზარები და განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ მომხმარებელი საკითხით დაინტერესებულია და მათი ცნობადობა ამ საკითხის შესახებ მაღლდება, რადგან დროთა განმავლობაში ჩვენი მხრიდან ნაკლები განცხადება ხარვეზდება. დარღვევის არდადასტურების შესახებ გადაწყვეტილება თითზე ჩამოსათვლელი გვაქვს, ხოლო დარღვევის დადასტურების თუ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმების რაოდენობა ასობით მეტია”, - აღნიშნა მარიამ შაიშმელაშვილმა.

სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული 10 თვის სტატისტიკა დადებითად შეაფასა.

“პირველ ეტაპზე ეს დინამიკა დადებითია და მომართვიანობა მხოლოდ დაწყებული საქმეების შესწავლის რაოდენობასა და საქმეების რაოდენობაში არ გამოიხატება. ჩვენს ქოლ-ცენტრში შემოსული ზარები იმაზე მეტყველებს, რომ ამ კანონით დადგენილი ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ მომხმარებელთა და ბიზნესის ცნობიერება ყოველდღიურად იმატებს. 31 აგვისტოს ჩათვლით მიღებულ 360 განცხადებასთან ერთად გვაქვს ის ათასობით ზარი, რომელსაც ვაჭრობის პროცესში თუ ვაჭრობის მერე, კონსულტაციის მისაღებად მომხმარებელი და ბიზნესს წარმომადგენლები ახორციელებდნენ”, - თქვა მან.

მარიამ შაიშმელაშვილის განმარტებით, სააგენტოს საქმის შესწავლის დაწყება მხოლოდ მომხმარებლის განცხადების შემოტანის შემდეგ შეუძლია.

“კანონით განსაზღვრული პროცესი ასეთია -  საქმის შესწავლის დაწყება სააგენტოს მხოლოდ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მომხმარებლის განაცხადის შემოტანის შემდეგ შეუძლია, ჩვენ საქმის დაწყება არ შეგვიძლია შემოსულ ზარზე, თუმცა შეგვიძლია კონსულტაციისა და დახმარების გაწევა. თუ მომხმარებელს განცხადების შევსება არ უნდა,სამართლებრივ კონსულტაციას ვუწევთ და რისკებზე ვესაუბრებით. ამიტომ, მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ საქმის შესწავლის დასაწყებად ჩვენ მათ განცხადებით უნდა მოგვმართონ", - აღნიშნა მარიამ შაიშმელაშვილმა.

ინფორმაციისთვის: ნებისმიერ პირს, მოვაჭრე ბიზნეს სუბიექტის მხრიდან დარღვევის ჩადენის შემთხვევაში 2 წლის ვადაში, უფლება აქვს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას მოსთხოვს. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები