საავიაციო ბაზარზე არსებული რთული ვითარება და საწვავის ფასის მატება პირდაპირ აისახა ტურისტულ სექტორზე. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ავიაბილეთების გაძვირებამ გამოიწვია სრული ტურისტული პაკეტების ღირებულების ზრდა, რადგან პაკეტის ფასის 70%-ს სწორედ ფრენის ხარჯი შეადგენს.
“პეგას ტურისტიკ საქართველოს და აზერბაიჯანის” ხელმძღვანელი bm.ge-სთან აცხადებს, რომ ფასნამატი ფიქსირდება ყველა მიმართულებით, ფრენის ხანგრძლივობისა და ხარჯების მიხედვით. მაგალითად, თუ აპრილში გარკვეულ მიმართულებაზე ფასნამატი 60 დოლარი იყო, სალომე ბერაია ამბობს, რომ მაისში მან 80 დოლარს მიაღწია.
“ყველა მიმართულებაზე გვაქვს ფასნამატი და მაქსიმალურად ვცდილობთ, არ ავსახოთ მომხმარებელზე [ გაყიდულ ტურისტულ პაკეტებს ვგულისხმობ], თუმცა იმ პაკეტებში, რომლებიც შემდეგში უნდა გაიყიდოს (ეს ეხება ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვის პაკეტებს), ბუნებრივია ჩვენც მოგვიწია ამ ფასნამატის შეყვანა.
ზემოაღნიშნულმა ფაქტმა ბუნებრივია შეაშინა ჩვენი მომხმარებელი. ისინი ცდილობენ არ დახარჯონ თანხები, აქვთ იმედი, რომ ფასების კორექცია მოხდება, თუმცა ჩემი და ჩემი კოლეგების პროგნოზი აბსოლუტურად სხვანაირია. მე არ ვურჩევ ჩვენს მომხმარებელს მოგზაურობის დიდხანს გადადებას, იმიტომ რომ ფასის კორექცია შესაძლებელია, თუმცა არა მომხმარებლის სასარგებლოდ, არამედ პირიქით. ჩვენ ყოველთვიურად ველოდებით, რომ კიდევ გაიზრდება ფასები.
მაგალითად, აპრილის თვეში თუ გვქონდა რაღაც კონკრეტულ მიმართულებაზე 60 დოლარის სხვაობა, მაისის თვეში იმავე მიმართულებაზე მოვიდა 80 დოლარის ფასნამატი. ეს გულისხმობს თითოეულ ადამიანზე გაძვირებული ბილეთის ტარიფს. შესაბამისად, წინასწარ იმის პროგნოზი, თუ რამდენით მოიმატებს ან დაიკლებს, ან თუნდაც იგივე თანხები დაჯდება ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეში, შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ მდგომარეობაზე,”-აცხადებს სალომე ბერაია.
მისი თქმით, მომართვიანობის მაჩვენებელი 25-30%-ით არის შემცირებული. მომხმარებლების ნაწილი ფასების კლებას ელოდება, თუმცა სალომე ბერაია ამბობს, რომ არსებული პოლიტიკური ვითარებისა და საწვავის ბაზარზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ფასების კლება ზაფხულის სეზონზე მოსალოდნელი არ არის.
“მომხმარებელი იკავებს თავს, მომართვიანობამ რა თქმა უნდა იკლო, შემცირებულია მოთხოვნა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებელი მიხვდება და შეეგუება მოცემულ სიტუაციას და ივნისში და ივლისში კიდევ უკეთესი პროგნოზი იქნება.
ჩვენი სტატისტიკით 25-30% მაინც არის კლება. ვთვლი, რომ ის ადამიანები, ვისაც სურს ქვეყნის გარეთ გასვლა და შვებულების დაგეგმვა, ტყუილად ელოდებიან ფასის კორექციას. მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩვენ არ ველით, რომ თუნდაც დასტაბილურდეს პოლიტიკური მდგომარეობა და საავიაციო საწვავის ფასი.
სტატისტიკურად, 25-30%-ით არის შემცირებული მომართვიანობა. შეიძლება ეს ხალხი წელს საერთოდ დაიკარგოს და გადაიფიქროს მოგზაურობა, თუმცა მას შემდეგ, რაც შეიცვლება კულტურა და ფასები, ყველა დარწმუნდება, რომ სხვა გზა არ არის და ამ ახალ გარემოში მოგვიწევს მოგზაურობის დაგეგმვა”,-აცხადებს ბერაია.
საავიაციო საწვავის გაძვირების გამო მსოფლიო ავიაცია კრიზისშია. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, ავია-საწვავის გლობალური საშუალო ფასი ბარელზე163 დოლარის ფარგლებშია, რაც წლიურ ჭრილში 100%-ით გაძვირებული მაჩვენებელია.
ხარჯების დაზოგვის მიზნით ავიაკომპანიების უმრავლესობა რეისებს აუქმებს ან სიხშირეებს ამცირებს. ამ მხრივ გამონაკლისი არც ქართული საავიაციო ბაზარია. მაგალითად, პეგასუს ეარლაინსმა ქუთაისის აეროპორტიდან მაისის შემდეგ ივნისის რეისებიც გააუქმა. ავიაკომპანია აცხადებს, რომ რეისები საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებული საოპერაციო გადაწყვეტილების ფარგლებში აღარ შესრულდება.
რეისების გაუქმებაზე და პრობლემებზე აცხადებს ქართული ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისის მენეჯმენტიც. საწვავი გაძვირდა, ავიაბილთები ძვირდება, მგზავრთნაკადი კი შემცირდა- ამას ემატება ევროკონტროლის მიერ რეისების შეფერხებაც, რაც ჯორჯიან ერავეისის თქმით, კომპანიას მნიშვნელოვნად აზარალებს.
ავისაწვავის გაძვირების გავლენით გაძვირდა ავიაბილეთებიც, tkt.ge-ს ინფორმაციით, სხვადასხვა მიმართულებით ზრდა 25%-საც აღწევს.




























