კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით 1500-ზე მეტი განაცხადია განხილული, საიდანაც მათი პირდაპირი ჩართულობით მომხმარებელმა 600 000 ლარზე მეტი პირდაპირი სარგებელი მიიღო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული კანონმდებლობა 2 წელია რაც ძალაშია შესული და ის ევროპასთან ინტეგრაციის ვალდებულებების ნაწილშია მიღებული.
„2 წელია რაც კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებას აღასრულებს. ეს კანონმდებლობა მიღებულია ევროპასთან ინტეგრაციის ვალდებულებების ნაწილში. ჩვენი კანონმდებლობა ამ ეტაპზე 85%-ით თავსებადია ევროპულ კანონმდებლობასთან.
დაახლოებით 1500-ზე მეტი განაცხადია ამ ეტაპისთვის განხილული და მომხმარებელს 600 000 ლარზე მეტი პირდაპირი სარგებელი აქვს მიღებული. რაც მომხმარებლებმა ჩვენი ჩართულობით მიიღეს. ეს ეხება თანხის უკან დაბრუნებას, ნივთის გამოცვლას, ნივთის შეკეთებას თუ სხვა საკითხებს, რაც ონლაინ თუ ფიზიკური ვაჭრობის დროს წარმოიშობა", - განაცხადა ლექვინაძემ.
ინფორმაციისთვის, 20-22 ნოემბერს, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ეროვნული ბანკი, სემეკი, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და კომუნიკაციების კომისია.