მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება“ - რატომ დააჯარიმა კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები?

ლექვინაძე

გასულ თვეში კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკვლევის საფუძველზე 5 ნავთობკომპანია 4 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება გასული წლის მარტი-აგვისტოს პერიოდს, რა დროსაც სააგენტოს დასკვნით ადგილი ჰქონდა კომპანიებს შორის მაღალი ფასის შენარჩუნებაზე შეთანხმებულ ქმედებას.

დაჯარიმებული ნავთობკომპანიების ნაწილი კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ეს ბუნებრივი პროცესია და სააგენტოს თითქმის ყველა გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლს გადის.

„ბუნებრივია, ყველა ჩვენი გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლის პროცესს გადის. ჯერ ჩვენამდე არ მოსულა ინფორმაცია, გასაჩივრდა თუ არა ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა ჯერ დრო არის ამისთვის. ნორმაა, თუ ყველამ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება, ამაში განსაკუთრებული არაფერია“-ამბობს ლექვინაძე.

ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკვლევა ერთ წლის წინ, 2022 წლის 16 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციით და სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო. საუბარია 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებაზე.

„ჩვენს მიერ კრიტიკულად იქნა დანახული აპრილ-აგვისტოს პერიოდი, სადაც მივიჩნიეთ, რომ მაღალი ფასების შენარჩუნების მიზნით ჰქონდა გარკვეულ კოორდინაციას ადგილი. ეს მივიჩნიეთ კონკურენციის კანონის დარღვევად, გადაწყვეტილებაში სათანადო არგუმენტებიც არის წარმოდგენილი.

ამ პერიოდში ფიქსირდებოდა იაფი იმპორტი, იყო რესურსი საკუთარ ქსელში შეეტანათ გაიაფებული საწვავი, თუმცა ეს არ მოხდა, შესაბამისად ჩვენ ეს მივიჩნიეთ კოორდინირებულ ქმედებად. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყოს იმ ფორმით წარმოდგენილი, რა ფორმითაც არის“,-აცხადებს ლექვინაძე.


კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ეს ნავთობკომპანიების დაჯარიმების პირველი პრეცენდენტი არ არის. სააგენტომ 2015 წელს ნავთობკომპანიები კარტელური შეთანხმების საფუძვლით 55 მილიონი ლარით დააჯარიმა.

კითხვაზე, რატომ არის სანქციის მოცულობას შორის ასეთი რადიკალური განსხვავება, ლექვინაძე განმარტავს:

„წინა მოკვლევისგან განსხვავებით, რომელიც ეხებოდა რამდენიმეწლიან პერიოდს, ბოლო ჩვენი გადაწყვეტილების ფარგლებში მხოლოდ 8-თვიან პერიოდზე იყო შესწავლა განხორციელებული. კრიტიკულად იქნა დანახული მხოლოდ დაახლოებით 4-თვიანი პერიოდი, აპრილი-აგვისტოს ჩათვლით. ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, მათ შორის  ტურბულენტური გარემო-ფაქტორებით, რეგიონში ომით, თუ პოსტპანდემიური ვითარებით, ეს ფაქტორებიც იქნა მიღებული მხედველობაში და აქედან გამომდინარე იქნა პროპორციულად შესაბამისი ჯარიმა განსაზღვრული. ჩვენი დისკრეციაა ჯარიმის განსაზღვრა, კანონმდებლობით ის შეიძლება იყოს კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით“.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული ჯარიმის პროცენტულ მაჩვენებელს კონფიდენციალურობის მიზეზით არ ასახელებს.

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთი ეკონომიკური აგენტისთვის შესაბამისი ფინანსური სანქცია შემდეგნაირად გადანაწილდა:

შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ (ს/ნ 204976302) - 450 590 ლარი;
სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/ნ 202161098) - 693 576 ლარი;
შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/ნ 404391136) - 1 073 859 ლარი;
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ (ს/ნ 202352514) - 718 986 ლარი;
შპს „რომპეტროლ საქართველოს“ (ს/ნ 204493002) - 987 886 ლარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები