მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ პირველ კვარტალში 63 საქმის შესწავლა დაიწყო

64526dccc5e89
BM.GE
03.05.23 18:32
506
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სააგენტომ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 109 განცხადება მიიღო, საიდანაც შესწავლა 63 საქმეზე დაიწყო.

“მათ შორის 46 განცხადების საფუძველზე პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 25 შეთანხმება გაფორმდა, საიდანაც, დღეის მდგომარეობით, 11 შეთანხმება შესრულებულია. 16 განცხადების საფუძველზე, სააგენტომ მიიღო 5 გადაწყვეტილება დარღვევის დადასტურების შესახებ, აქედან ერთ გადაწყვეტილებაზე დადგენილი დარღვევა აღმოფხვრილია,”- ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.

კონკურენციის სააგენტოს ანგარიშში ასევე საუბარია პერიოდის განმავლობაში დაწყებული მოკვლევების და მიღწეული შედეგების შესახებ.

USA2GEORGIA-ს საქმე:

2023 წლის 27 იანვარს, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ USA2GEORGIA-ს საქმის შესწავლა დაასრულა და მომხმარებლის სასარგებლოდ, მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა. შესაბამისად, კომპანიამ აიღო ვალდებულება - მომხმარებლებს, რომლებმაც 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით ამანათები შეიძინეს, ტრანსპორტირების ღირებულება რეალური წონის მიხედვით დაუანგარიშდეს და ზედმეტად გადახდილი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდეს. მიუხედავად იმისა, მომხმარებელს ე.წ. „გადაფუთვის“ სერვისი ჰქონდა თუ არა მონიშნული.

სუპერის საქმე:

სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „სუპერთან“ პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა. საქმის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ - მომხმარებელი უფლებამოსილია კანონით გათვალისწინებული ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში ნივთის უპირობო დაბრუნების და კანონისმიერი გარანტიის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. შესაბამისად, სააგენტოსთან შეთანხმების თანახმად, სუპერმა აიღო ვალდებულება - საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მომავალში მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება წინასწარ განახორციელოს.

ექსტრა არეას საქმე:

სატელეფონო ნომერზე სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების(SMS) მიღებისას მომხმარებლის პრეტენზიაზე დარღვევა არ დაფიქსირდა. საკითხი ეხებოდა - კომპანია „ექსტრა არეას“ მხრიდან განმცხადებლის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების(SMS) მიღებას. მომხმარებლის სატელეფონო ნომერზე გაგზავნილ ყველა სარეკლამო მოკლე ტექსტურ შეტყობინებას აქვს შესაბამისი NO SMS კოდი, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს და უარი თქვას მისთვის არასასურველი შეტყობინების მიღებაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შემოწმებულ იქნა მომხმარებლისთვის გაგზავნილი SMS-ები და არც ერთი სარეკლამო შეტყობინების შემდეგ NO SMS შესაძლებლობის გამოყენება არ ფიქსირდება.

ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაიწყო:

სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. საკითხი ეხება - ბოლო პერიოდში, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. მოკვლევა ორი მიმართულებით - დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველი შეთანხმებების მიმართულებით ხორციელდება.

თამბაქოს ბაზრის მოკვლევა დაიწყო:

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, კონკრეტული ეკონომიკური აგენტის საჩივრის საფუძველზე თამბაქოს ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. თემა ეხება სიგარეტის გარკვეული სახეობების მიმართულებით კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 და მე-7 მუხლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს, რაც შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს გულისხმობს.

ტექნიკური ინსპექტირების სექტორში მოკლვევა დასრულდა:

კონკურენციის სააგენტომ სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყების მიერ კონკურენციის შემზღუდველ ფაქტზე დაწყებული მოკვლევა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადგინა. თემა ეხება - ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მომჩივნის მიმართ აკრედიტაციისათვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე გაცემულ უარს, რამაც ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შეფერხება გამოიწვია.

თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ადგილობრივი ფერმერების მომართვის საფუძველზე, თხილის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. მონიტორინგის მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში, ბაზარზე არსებული ვითარება შეფასდეს. მათ შორის, სეზონურ ფასწარმოქმნაზე მოქმედი ფაქტორები.

ბანკების სადაზღვევო შეთავაზებების მონიტორინგი

აანგარიშო პერიოდში სააგენტო ახორციელებდა - ბანკებში სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება/რეალიზების და გაზის საავტომობილო საწვავის (CNG/ LPG) ბაზრების მონიტორინგებს.

საბაზრო კონცენტრაციების მონიტორინგი

იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 5234 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. 10 შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა 5 მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო 3 ეკონომიკური აგენტი დააჯარიმა. მათ შორის, ერთი ფიზიკური პირი. სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ - განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა. კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო, ეკონომიკურ აგენტებს 32 000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები